სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის პირველადგილოსანი ცნობილია. “ქუთაისმა” დღეს თბილისის “ოლიმპს” უმასპინძლა, 86:67 დაამარცხა და ცხრილში პირველი ადგილი გაინაღდა. იმერულ კლუბს ოლიმპელთა ძლევის შემდეგ 22 მოგების წილ 9 მარცხი მოუგროვდა და დარჩენილ 1 შეხვედრაში ნებისმიერი შედეგის დაფიქსირების მიუხედავად, პირველ ადგილს დაიკავებს. (იხილეთ: სატურნირო ვითარება). თეორიულად, ქუთაისელთა დაწევა მხოლოდ “კაკტუსს” შეუძლია, თუმცა მხოლოდ ქულებით. იმერულმა კლუბმა ბოლო ტურში რომ წააგოს და კაკტუსელებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა მოიგონ, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა “ქუთაისს” მიენიჭება, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის 4 მატჩიდან კაკტუსელებს 3 მოუგო.
ქუთაისელებს მთლიანობაში გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ. მხოლოდ პირველ პერიოდში იყო მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა – ათწუთეული მასპინძლებმა 21:17 მოიგეს. მეორე მეოთხედიდან კი იმერულმა გუნდმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა და ათწუთეულის 20:11 მოგებით დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მესამე პერიოდის საწყის წუთებზე მასპინძელთა უპირატესობამ 19 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც ვითარება აღარ შეცვლილა. ქუთაისელებმა მოპოვებული ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს და საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.
“ქუთაისის” შემადგენლობაში 27 ქულით საუკეთესო გახდა ჯონათან ლი. 14 ქულითა და 9 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა. 11 ქულა დაგროვდა დეჟუან რაიტის ანგარიშზე. “ოლიმპში” 14 ქულით ბომბარდირი გახდა მიხეილ ჭოჭუა. მორის ჰილმა 13 ქულა დააგროვა, ხოლო გეგი ბაქრაძემ ოლიმპელებს 10 ქულა შესძინა.
“ქუთაისი” რეგულარულის ბოლო მატჩს 30 აპრილს, “მარნეულთან”, ტყიბულის სპორტის სასახლეში გამართავს.
ქუთაისი – ოლიმპი
სტატისტიკა: 86:67