სუპერლიგის გუშინ დაწყებული მე-13 ტური დღეს თბილისში გრძელდება. გათამაშების კალენდრის თანახმად, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 3 მატჩი გაიმართება, ხოლო ტური ხვალ, აჭარაში, “ბათუმი” – “ტიტების” მატჩით დასრულდება.
ოლიმპიურ სასახლეში გამართულ პირველ მატჩში ერთმანეთს “მგზავრები” და “ქუთაისი” შეხვდნენ. ამ გუნდების პირველი წრის მატჩი ქუთაისში “მგზავრების” გამარჯვებით – 80:78 დასრულდა. ეს გახლავთ ქუთაისელთა მიმდინარე სუპერლიგის ერთადერთი საშინაო მარცხი და კოტე ტუღუშის გუნდმა ამისთვის მეტოქეს რევანში აუღო.
არადა, “ქუთაისმა” ბეწვის ხიდზე გაიარა. იმერულ კლუბს პირველი პერიოდის შემდეგ 12-ქულიანი ლიდერობა ჰქონდა (30:18), რომელიც ნელ-ნელა ხელიდან წაუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ 2 არასპორტულის ჯარიმის გამო “მგზავრებს” მოედნიდან რეზო ჩაჩანიძე გაუვარდათ, მასპინძლებმა მაინც მოახერხეს თამაშის შემობრუნება და ჩამორჩენას მეთოდურად ამცირებდნენ. მე-3 პერიოდში ანგარიში გათანაბრდა, რის შემდეგაც თანაბარი ბრძოლა წავიდა. მე-3 პერიოდის დასაწყისში თამაში ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმაც დატოვა. კოტე ტუღუშმა მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტების გამო 2 ტექნიკური მიიღო და ტრიბუნაზე გადაინაცვლა.
ცხადი იყო, რომ გამარჯვებული ბოლო წუთამდე ვერ გამოვლინდებოდა და ასეც მოხდა. ქუთაისელებმა დასკვნით ეპიზოდში მეტი სიზუსტე და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, “მგზავრებს” კი 2 აცილებული ბურთი მატჩის წაგებად დაუჯდა. საბოლოოდ იმერულმა კლუბმა 86:82 გაიმარჯვა და პირველი ადგილი გაიმყარა.
ქუთაისელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო დეჟუან რაიტი. 15 ქულა მოაგროვა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო ტერენს ტომპსონმა ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა. “მგზავრებში” 20 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარძე, ჯეიკობ არმსტრონგის ანგარიშზე კი 21 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
მგზავრები – ქუთაისი
სტატისტიკა: 82:86