სუპერლიგის ცხრილის შუაში მყოფ დელტასა და ქუთაისის თბილისური დაპირისპირება იმერული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გულშემტკივართათვის მოულოდნელად 9 ჩატარებული თამაშით ცხრილის ბოლოში იმყოფება და საკადრო პრობლემებს განიცდის. სექტემბერში მოწვეული რამდენიმე ლეგიონერის გაშვების შემდეგ ქუთაისმა ახალი უცხოელები დაიმატა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა თბილისში ჩამოსვლა სრული შემადგენლობით ვერც ამჯერად შეძლეს, დაძაბულ თამაშში დელტას დაამარცხება მაინც მოახერხეს.
დაპირისპირება თავიდანვე საინტერესო რომ იქნებოდა, ქუთაისელების პირველივე წამებზე ჩაგდებულმა სამქულიანმა და დელტას მომენტალურმა პასუხმაც გვიჩვენა. ამის შემდეგ ლიდერი მუდმივად იცვლებოდა, მცირე უპირატესობით წინ ხან გურჯაანელები, ხანაც ქუთაისელები გადიოდნენ. მეორე პერიოდის 19:27 წაგების შემდეგ დელტას თითქოს თამაშში დაბრუნება უნდა გასჭირვებოდა, თუმცა ირაკლი ძიძგურის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ტაიმი დამაჯერებლად დაიწყო და მესამე მეოთხედში მეტოქეს 10 ქულით გაუსწრო. ქუთაისელებმა თამაშში გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე მოახერხეს. მათი ლიდერების მიერ ზედიზედ ჩაგდებულ 3-ქულიანებს დელტას მოთამაშეებმა სათანადოდ ვერ უპასუხეს. სტუმრები შესამჩნევი უპირატესობით დაწინაურდნენ და საბოლოოდ 77:88 გაიმარჯვეს.
ქუთაისელების რიგებში აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ლუკა მაზიაშვილი, რომელმაც თითქმის შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდს 29 ქულა მოუტანა. 18 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა ქრისტოფერ უეირმა.
თავის მხრივ შედეგიანად გაისარჯა დელტას უკანახაზელი ოთარ ფხაკაძე, რომელმაც 22 ქულა მიითვალა. 15 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს ეივი ტუმერმა.
პირველი წრის შემდეგ დელტას და ქუთაისს სუპერლიგაში 10-10 თამაში აქვთ ჩატარებული. ქუთაისმა ცხრილის ბოლოდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო სანამ დელტას კონკურენტი რუსთავი, ოლიმპი და კაკტუსი თავიანთ თამაშებს ითამაშებენ, გურჯაანელები მე-3 ადგილს იკავებენ.