სუპერლიგის 26-ე ტურში ლიდერთა მატჩი შედგა. ერთმანეთს ცხრილში პირველ და მეორე ადგილებზე მყოფი გუნდები – “ქუთაისი” და “დინამო” შეხვდნენ. მატჩს იმერულმა გუნდმა უმასპინძლა, რომელმაც დიდი მონდომების ხარჯზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და რეგულარული ჩემპიონატის მოსაგებად დიდი ნაბიჯი გადადგა.
ქუთაისელები წინა ტურში ბათუმში დამარცხდნენ და “დინამოსთან” სხვაობაც მინიმუმამდე შემცირდა. თბილისელებს ქუთაისში გამარჯვებით შეეძლოთ ლიდერს დაკარგული ქულებით დაწეოდნენ, თუმცა ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ეს შანსი ვერ გამოიყენა. კოტე ტუღუშის გუნდმა სტაბილურად ითამაშა და გულშემატკივართა გასახარად მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრიდან მეოთხედ დაამარცხა.
საკვანძო გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ქუთაისელებმა 24:14 მოიგეს და გადამწყვეტი ათწუთულის წინ 8 ქულით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ლიდერობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს და 82:71 გაიმარჯვეს. იმერულ კლუბს 25 ქულით გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა. 18 ქულა და 9 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა. ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 12 პასი მიითვალა ჯონათან ლიმ, ხოლო აკაკი დვალიშვილს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა – 9 ქულა, 11 მოხსნა. “დინამოში” 20 ქულით და 7 მოხსნით ნოდარ გოგოძე გამოირჩა. 17 ქულა და 9 მოხსნა გიორგი შარაბიძის ანგარიშზე დაგროვდა.
მოგეხსენებათ, 26-ე ტურის 31 მარტს თბილისში დაგეგმილი მატჩები გადაიდო, ხოლო დარჩენილი 1 შეხვედრა 2 აპრილს, რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ბათუმი” ჩავა.
ქუთაისი – დინამო
სტატისტიკა: 82:71