სტატისტიკა სუპერლიგის 21-ე ტური დღეს ქუთაისში ლიდერთა დაძაბული
მატჩით დაიწყო. მეორე ადგილზე კიდევ 2 გუნდთან ერთად მყოფმა „ქუთაისმა“ სუპერლიგის
ერთპიროვნულ ლიდერ „დინამოს“ უმასპინძლა და ბოლო წუთზე, ფიცხელ ბრძოლაში – 82:78 დაამარცხა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობთ წარიმართა და ჯერ „ქუთაისი“
იგებდა. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 19:16 მოიგეს, ხოლო მეორე პერიოდის მე-8 წუთზე
კოტე ტუღუშის გუნდის უპირატესობამ სოლიდური სახე მიიღო – 42:28. 14-ქულიანი ლიდერობა
წარმატებაზე ფიქრის საკმარისი საფუძველი იყო, თუმცა ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა
შესანიშნავი მესამე მეოთხედი ჩაატარეს და მასპინძლები უკანაც მოიტოვეს.
დიდ შესვენებამდე თბილისელებმა ჩამორჩენა 11 ქულამდე
შეამცირეს, ხოლო მესამე პერიოდიდან მასპინძლებს ყველა კომპონენტში აჯობეს. გიორგი შარაბიძის,
ჯუევ მაილსის და ნოდარ გოგოძის შედეგიანობით „დინამომ“ მესამე 10-წუთეული 28:13 მოიგო
და ბოლო პერიოდის წინ 4 ქულით – 61:57 დაწინაურდა.
მიხეილ ბერიშვილის ქულებით სტუმრები ბოლო მეოთხედის
მე-5 წუთზე 71:63 დაწინაურდნენ და ახლა „ქუთაისი“ აღმოჩნდა წაგების რეალური საფრთხის
წინაშე. დარჩენილ 5:30 წუთში მასპინძლებმა მოგებისკენ მიმავალი სწორი გზა აირჩიეს და
რაც მთავარია, ის შეუცდომლად განვლეს. მტკიცე დაცვა და შეტევაში მეტი მობილიზება –
ამ კალათბურთისთვის ფუნდამენტური კომპონენტების შესრულება ტუღუშის გუნდისთვის ჩამორჩენის
გაბათილების საფუძველი გახდა.
შეტევაში კომბინირებული შედეგიანობით – რის განმავლობაშიც
გოგა ცეკვავა, გიორგი ბარბაქაძე, ზაურ ფაშაევი, ვახტანგ ქადარია, ბექა ბექაური და ივან
მიკულიჩი გამოირჩნენ, იმერულმა კლუბმა საფინალო სირენამდე 39 წამით ადრე ქულიანი ლიდერობა
(78:77) მოიპოვა და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდა. საკვანძო აღმოჩნდა მაისლის აცილებული
სამქულიანი და ცეკვავას მოხსნა. დინამოელებმა ქუთაისელ უკანახაზელზე ტაქტიკური ჯარიმა
აიღეს, ცეკვავამ კი საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე ორივე საჯარიმო ჩააგდო და მასპინძელთა
გუნდი მიუწვდომელი გახადა.
„ქუთაისში“ 15 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა
ბექაური, 13 ქულა გიორგი ბარბაქაძემ მიითვალა, ხოლო ფაშაევის ანგარიშზე 11 ქულა და
9 პასი დაგროვდა. დინამოელთა შორის 19 ქულით ბომბარდირი გიორგი შარაბიძე გახდა, 17
ქულა და 9 მოხსნა მიხეილ ბერიშვილმა მიითვალა.
სუპერლიგის 21-ე ტურის 2 მატჩს ხვალ, 12 მარტს თბილისის
სპორტის ახალი სასახლე უმასპინძლებს.