ქუთაისმა აკადემიას ოვერტაიმში მოუგო

ქუთაისმა აკადემიას ოვერტაიმში მოუგო

 სტატისტიკა  გალერეადაძაბული მე-9 ტური გრძელდება. წინა მატჩების ტრადიცია
არც „აკადემია“ – „ქუთაისის“ დაპირისპირებამ დაარღვია და დრამატული ფინალით დასრულებული
მატჩი, ოვერტაიმში გადაიზარდა. ძირითადი დრო 66:66 დასრულდა, რაც ზედიზედ მეორე დამატებითი
დროა მე-9 ტურში.

მატჩი ისე დაიწყო, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, თუკი
დამატებითი დრო დაინიშნებოდა. ცხრილის თავში მოტრიალე „ქუთაისმა“ შეხვედრა სანაქებოდ
დაიწყო და ჯერ 23:8 იგებდა, შემდეგ – 29:14. იმერული კლუბი სიტუაციას აკონტროლებდა
და დამაჯერებლად ლიდერობდა მანამ, სანამ დიდი შესვენების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად
არ შეიცვალა.

აკადემიელებმა მეთოდურად იწყეს ვითარების გამოსწორება
და ჩამორჩენას ნაბიჯ-ნაბიჯ ამცირებდნენ. დიდი შესვენებისთვის სხვაობამ 9 ქულა შეადგინა,
მესამე პერიოდის ბოლოს კი ქუთაისელთა ლიდერობა 5 ქულამდე შეიკვეცა.

ბოლო პერიოდში ანგარიშიც გათანაბრდა და ბოლო წუთებზე
გვარიანი მოულოდნელობაც მოხდა. ქუთაისელმა გიორგი ბარბაქაძემ გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა
და ძირითადი დროის დასრულებამდე 25 წამით ადრე „ქუთაისი“ 6 ქულით – 66:59 დააწინაურა.
თითქოს ყველაფერი აქ გადაწყდა, თუმცა ვლადიმერ კრისევიჩის ორქულიანმა, რომელსაც საჯარიმოც
მოჰყვა, აკადემიელებს შანსი გაუჩინა.

აკადემიელებმა დაცვა გაამაგრეს, თუმცა დაჯარიმების გარეშე
თავი ვერ დაიცვეს და ზაურ ფაშაევი სირენამდე 19 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე დადგა.
აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ორივე სროლა ააცილა და 3 ქულით ჩამორჩენილი „აკადემია“ შეტევაზე
გადავიდა. იმის საპრევენციოდ, რომ თბილისელებს სამქულიანით ანგარიში არ გაეთანაბრებინათ,
ქუთაისელებმა ჯარიმა აიღეს და დასრულებამდე 15 წამით ადრე იოსებ ლეჟავამ აკადემიელთა
ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 64:65.

გელა წულაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ტაქტიკური ჯარიმა
აიღეს, რამაც გაამართლა: დავით ბარბაქაძემ მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და 2 ქულის გასაბათილებლად
მასპინძლებს 12 წამი დარჩათ. ბელარუსმა ლეგიონერმა დასრულებამდე 4 წამით ადრე ორქულიანი
ააცილა, თუმცა ბურთს მისი თანაგუნდელის, მორის ბრიგსის ხელი მისწვდა და კალათში ჩააბრუნა
– 66:66. დარჩენილ 4 წამში აკადემიელებს თამაშის მოგებაც შეეძლოთ, თუმცა ქუთაისელი
თემურ ბაბუნაშვილის უხეიროდ შემოტანილი (დაკარგული) ბურთი იმავე ბრიგსმა პერიმეტრიდან
ააცილა.

ოვერტაიმში ბრძოლა არ შედგა. „ქუთაისმა“, რომელიც თითქმის
პირველ ტაიმში მოგებულ შეხვედრას აგებდა, შეცდომები ნაკლებად დაუშვა და ცხრილის ბოლოადგილოსანთან
გაჭირვებით, თუმცა მაინც გაიმარჯვა – 76:70.

დრამატული მე-9 ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს „რუსთავი“
და „დინამო“ ხვდებიან. 

 მატჩისშემდგომი კომენტარები

გელა წულაძე, „აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი: „ცუდად დავიწყეთ, დიდი ანგარიშით ჩამოვრჩით და შემდეგ
მთელი თამაში ვცდილობდით დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას. ძალიან დიდი ძალები მიაქვს
წინ გაჭრილ მეტოქესთან ჩამორჩენის გაბათილებას და ჩვენც დავიღალეთ. შეხვედრა ოვერტაიმში
კი გადავიყვანეთ, მაგრამ საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები არ გვეყო. ბოლოში
ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ამიტომ წავაგეთ“.

კოტე ტუღუში, „ქუთაისის„ მთავარი მწვრთნელი: „დაძაბული მატჩის მოლოდინში ვიყავით იქიდან გამომდინარე,
რომ ბოლო ტურში სუსტი მატჩი ჩავატარეთ სოხუმთან და წავაგეთ, აკადემიამ კი ძლიერ მეტოქეს
მოუგო. მიუხედავად მოლოდინისა, ჩვენმა გუნდმა უპირატესობა იოლად მოიპოვა, მაგრამ „აკადემიამ“
შეძლო სადავეების ხელში ჩაგდება და ანგარიში გაგვითანაბრა, ძირითადი დროის დასრულებისთვის
კი კინაღამ იმარჯვა კიდეც. ოვერტაიმში აშკარა უპირატესობა გვქონდა და რაც მთავარია,
მიზანს მივაღწიეთ – მორიგი მატჩი მოვიგეთ. ეს ტური ჯერ არ დასრულებულა, თუმცა შეიძლება
ითქვას, რომ სუპერლიგაში ფავორიტი და აუტსაიდერი აღარ არსებობს. ყველა გუნდი თანაბარია
და ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება. ასე რომ, წინ ძალიან დაძაბული და საინტერესო
ჩემპიონატი გველის“.