სტატისტიკასუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა „ქუთაისმა“ დაგეგმილი
გამარჯვება მოიპოვა. მე-4 ტურის მატჩში იმერულმა კლუბმა „ოლიმპს“ უმასპინძლა და 9 ქულის
სხვაობით – 80:71 სძლია. ქუთაისელებს საკმაო ჯაფა დააგგათ გამარჯვების მოსაპოვებლად.
ერთხანს მასპინძლები 9 ქულითაც აგებდნენ, თუმცა სტაბილური თამაშის წყალობით გამარჯვების
მოპოვება მოახერხეს.
„ოლიმპმა“ პირველი პერიოდი 25:22 მოიგო, ხოლო მეორე
ათწუთეულის ახალდაწყებულზე 33:24 დაწინაურდა. ქუთაისელები სერიოზული საფრთხის წინაშე
აღმოჩდნენ, თუმცა გამოცდილი მოთამაშეების – გიორგი ცინცაძისა და ანატოლი ბოისას მექულეობით ჩამორჩენა დიდ შესვენებამდე აღმოფხვრეს და 2 ქულამდე
შეამცირეს – 39:41.
მესამე პერიოდში ქუთაისელებმა თამაში დაალაგეს, აღნიშნული
მეოთხედი 23:16 მოიგეს და მატჩიც სასურველ დასასრულამდე მიიყვანეს. გამარჯვებულებს
17 ქულით ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ცინცაძემ ულიდერა. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა
ანატოლი ბოისამ, 11 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი ზაურ ფაშაევის ანგარიშზე დაგროვდა.
ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, თბილისის ახალ სპორტის
სასახლეში გაიმართება. „მგზავრები“ „დინამოს“ შეხვდება, ხოლო „სოხუმი“ – „კაკტუსს“.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): რთული თამაში გამოვიდა, როგორც ამას მოველოდით. ოლიმპი მებრძოლი გუნდია და ბოლო წუთებამდე იბრძოლა. ჩვენ ახალი მოთამაშე დავიმატეთ და ჯერ გუნდთან შეთამაშება აკლია. დიდი მადლობა გულშემატკივრებს და მოწინააღმდეგე გუნდს, კარგი თამაშისთვის.
დავით როგავა (ოლიმპის მწვრთნელი): დასანანი თამაში წავაგეთ. ყველაზე ძნელი საქართველოს ჩემპიონატში ქუთაისში თამაშია. ჩვენ ალბათ უფრო ფიზიკური გამძლეობა დაგვაკლდა, ასევე სიმაღლეში პრობლემები გვქონდა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ითამაშა პიჩფორდმა. საკმაოდ რთული კალენდარი შეგვხვდა, თუმცა სამწვრთნელო შტაბი გუნდის თამაშით კმაყოფილები ვართ. ვეცდებით მომავალში მოვუმატოთ და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.
ფოტო: დიმიტრი კაციტაძე, ქუთაისი-2010-ის პრეს-სამსახური