დღეს სუპერლიგის 1 მატჩი გაიმართა ბათუმში. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა კოტე ტუღუშის “ქუთაისს” უმასპინძლეს და მარცხი განიცადეს – 90:101 (სტატისტიკა). იმერულ კლუბს რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე 3 მატჩი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა რა შედეგებიც არ უნდა დააფიქსიროს, მაინც მეორე ადგილზე გავა. ამის მიუხედავად, ქუთაისელებმა მოინდომეს და 3 ლეგიონერის არყოფნის მიუხედავად შედეგიანად ითამაშეს.
ბათუმელებმა სტუმრებს თავდაპირველად ბრძოლა გაუმართეს და პირველი პერიოდი მხოლოდ 2 ქულით დათმეს – 25:27. მეორედან სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა, ტუღუშის გუნდი პერიმეტრიდანაც შედეგიანად უტევდა და სწრაფ, რაც მთავარია, შედეგიან გარღვევებს ახორციელებდა. მეორე ათწუთეული ქუთაისელებმა 35:24 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. ბათუმელებს თამაშის გამოსწორების და შესაბამისად, გამარჯვების მოპოვების რესურსი არ აღმოაჩნდა. საბოლოოდ შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ქუთაისელები გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.
სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა აკაკი დვალიშვილმა, რომელიც შეუჩერებელი იყო. დვალიშვილმა გამარჯვებულებს 26 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიაშველა. 2 მეტრზე მაღალმა ფორვარდ-ცენტრმა 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, რაც გამორჩეული ამბავია. ჩვეულად შედეგიანი იყო ჟოელ ალმეიდა – 29 ქულა, 7 მოხსნა. 14 ქულა მოაგროვა ახალგაზრდა ნიკოლოზ სოსელიამ. ბათუმელებში 14 ქულითა და 7 მოხსნით ნიკოლა ვუიოვიჩი, ხოლო 11 ქულითა და 10 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა.
სუპერლიგის მომდევნო მატჩი 6 აპრილს გაიმართება მგზავრებსა და ცხუმ-აფხაზეთს შორის. ეს ის მატჩია, ტექნიკური მიზეზის გამო მეორე პერიოდის შუაწელში რომ შეწყდა და აღარ გაგრძელებულა. შეხვედრა სწორედ იმ ანგარიშიდან გაგრძელდება, რომელიც თამაშის შეწყვეტისას იყო დაფიქსირებული – 30:21 მგზავრების სასარგებლოდ.