სტატისტიკა
გალერეა სუპერლიგის 23-ე ტურის ბოლოსწინა მატჩში „აკადემიამ“
„ქუთაისს“ უმასპინძლა. ამ გუნდების წინა შეხვედრა ქუთაისი აკადემიელებმა მოიგეს, თუმცა
მანამდელი 2 მატჩი იმერული კლუბის სასარგებლოდ დასრულდა. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი
ის იყო, რომ „აკადემია“ 2 ლიდერის – მორის ბრიგსის და ჯეი-არ სთროუბრიჯის გარეშე, ასევე
სამწვრთნელო შტაბიდან გაშვებული სპეციალისტების – გელა წულაძის, გია კაზანჯიანისა და
ირაკლი ტომარაძის გარეშე თამაშობდა.
„აკადემიამ“ ღირსეულად იბრძოლა და თითქმის მთელი პირველი
ტაიმის მანძილზე ლიდერობდა. გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა პირველი პერიოდი
20:14 მოიგეს, ხოლო მეორე ათწუთეულის უმეტეს ნაწილსაც იგებდნენ, თუმცა ლიდერობის დათმობა
მაინც მოუხდათ. დიდი შესვენებისთვის იმერული კლუბი 39:36 დაწინაურდა, ხოლო მეორე პერიოდში
მოპოვებული ლიდერობა არათუ დათმო, გაზარდა კიდეც და საბოლოოდ 79:65 გაიმარჯვა.
22 ქულითა და 13 მოხსნით ქუთაისელებს ბექა ბექაურმა
ულიდერა. 17 ქულა მოაგროვა გოგა ცეკვავამ, ხოლო ხორვატი ივან მიკულიჩის ანგარიშზე
15 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. „აკადემიაში 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო
აკაკი ლომოური გახლდათ.
მატჩისშემდგომი კომენატრები
გიორგი ნიკოლაძე („აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ „ქუთაისს“ გამარჯვებას და
წარმატებას ვუსურვებ მომავალ მატჩებში. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ძირითადი პრობლემა
ფარქვეშ გვქონდა. მეტოქემ ჩვენზე გაცილებით მეტი ბურთი მოხსნა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა.
საკადრო ცვლილებების გამო შემადგენლობა მნიშვნელოვნად შესუსტდა, თუმცა ჩვენი გუნდი
ბოლომდე იბრძვის, რაც წინა ტურში „ოლიმპის“ დამარცხებითაც დაადასტურა.
კოტე ტუღუში („ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, მნიშნვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. სეზონი დასკვნით ეტაპზე გადადის, თითოეულ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს და აკადემია სწორედ ის გუნდია, რომელმაც „გვაწყენინა“ საკუთარ კედლებში. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები მოხდა ამ გუნდში, მე ვთვლი რომ „აკადემია“ ანგარიშგასაწევი ძალაა და სახიფათოა თითოეული მოწინააღმდეგისათვის, ამიტომ მე მოხარული ვარ, რომ დღევანდელ თამაშში გამარჯვება მოვიპოვეთ. შემდეგ ტურშიც მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და შევეცდებით, რომ სათანადოდ მოვემზადოთ.