გრძელდება მწვრთნელთა პროფესიული განვითარებისათვის მიძღვნილი ონლაინ-სემინარები, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით მიმდინარეობს. ეს გახლავთ კარგი საშუალება საიმისოდ, რომ შექმნილ საკარანტინე პირობებში მწვრთნელებმა მათი პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი თეორიული განათლება მაქსიმალურად მიიღონ.
მორიგი სემინარის ავტორი გახლდათ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბერძნული აეკ-ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი. სემინარის თემა ძალიან საინტერესო იყო ქართველი მწვრთნელებისთვის – განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. გეორგიოს ლიმნიატისმა წარმოადგინა სკაუტინგის კლასიკური მაგალითები სპეციალური პროგრამა “სინერჯის” გამოყენებით.
აღნიშნული სემინარი ძალიან თემატური იყო, რადგან საქართველოს სუპერლიგასა და “ა” ლიგაში აღნიშნული სკაუტინგის პროგრამა გამოიყენება. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ “სინერჯისთან” სეზონის დაწყების წინ გააფრომა ხელშეკრულება და მთელი სეზონის განმავლობაში სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდების მწვრთნელებს ყოველი ტურის შემდეგ მიეწოდებოდათ განვლილი მატჩების პროფესიონალურად დამუშავებული ვიდეო-ანალიზი.
გეორგიოს ლიმნიატისის სემინარს 40-ზე მეტი დამსწრე ჰყავდა, რომელთა შორისაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, მისი ასისტენტები – მილოშ გლიგორიევიჩი, ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილიც იყვნენ. სემინარს ესწრებოდნენ სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდების მწვრთნელები, ბირთვს კი საქართველოს საკალათბურთო სკოლების ახალგაზრდა მწვრთნელები შეადგენდნენ. სემინარის მეორე ნაწილი, ტრადიციულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ქართველმა მწვრთნელებმა აქტუალური კითხვები დასვეს და კომპეტენტური პასუხები მიიღეს. სემინარი 2 საათს გაგრძელდა, ჩვენ კი მის მხოლოდ მცირე ნაწილს გთავაზობთ.
შემდეგი სემინარი შუა კვირაშია დაგეგმილი და მას სავარაუდოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიზმომზდების მწვრთნელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – გეორგიოს ვავეცისი ჩაატარებს.