პირველი ფინალისტი ცნობილია: თბილისის დინამო

პირველი ფინალისტი ცნობილია: თბილისის დინამო

 სტატისტიკა  გალერეა
სუპერლიგის პირველი ფინალისტი ცნობილია. „დინამო თბილისმა“
„ბათუმს“ სერიის მე-4 შეხვედრა 78:73 მოუგო და საერთო ანგარიშით – 3:1 გაიმარჯვა. ირაკლი
ხოშტარიას გაწვრთნილი დინამოელები ახლა საფინალო მეტოქეს ელოდებიან, რომელიც 14 მაისს,
„ქუთაისსა“ და „სოხუმს“ შორის მატჩში გამოვლინდება.

დინამოელებმა გუნდური თამაშის წყალობით იმარჯვეს. ხოშტარიას
მოთამაშეთა როტაციის საშუალება ჰქონდა და შეცვლაზე მყოფ კალათბურთელებს მოედანზე თამამად
უშვებდა. ბათუმელთა მწვრთნელ დავით უსტიაშვილს კი ამის საშუალება არ ჰქონდა და აჭარული
გუნდის ხუთმა წევრმა 30 წუთზე მეტ ხანს ითამაშა.

ბრძოლა თანაბრად დაიწყო და დინამოელებმა პირველი პერიოდი
მხოლოდ 2 ქულით მოიგეს, რასაც დიდ შესვენებამდე კიდევ 2 ქულა მიამატეს და მესამე პერიოდის
წინ ანგარიში 38:34 იყო. ირაკლი მიქელაძისა და ლეონიდ სტეპანიშინის შედეგიანობით ბათუმელებმა
გაქცევა მოაწყვეს და 43:42 დაწინაურდნენ, თუმცა სტუმართა ლიდერობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა.
გუნდური თამაშის წყალობით მასპინძლებმა ლიდერობა დაიბრუნეს და მესამე პერიოდის დასასრულისთვის
59:51 დაწინაურდნენ.

დინამომ საბოლოოდ 78 ქულა დააგროვა, ხოლო მისი გუნდის
5-მა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს უწია. ეს გუნდური თამაშისა და კარგი როტაციის
მანიშნებელია, რაც წარმატების საწინდარია. ბოლო პერიოდში დინამოელთა უპირატესობამ
15 ქულას მიაღწია და მატჩის ბედიც ფაქტობრივად საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე გადაწყდა.
მართალია, ბოლო წუთებზე ბათუმელებმა მოახერხეს ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება, თუმცა
„დინამომ“ გადამწყვეტ მომენტში შეცდომები არ დაუშვა და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.

დინამოელთაგან ყველაზე მეტი – 13 ქულა მაკსიმ კოვაჩევიჩმა
მიითვალა, 12-12 ქულა მიითვალეს ებრიუ მაკალპინმა და მიხაელ ბერიშვილმა, ხოლო გიორგი
გაბრიჩიძემ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. „ბათუმში“ 24 ქულით საუკეთესო ლეონიდ სტეპანიშინი
იყო, 18 ქულა დააგროვა მეორე უკრაინელმა იგორ კრივცოვმა, ხოლო ბესო ლეჟავამ შეხვედრა
12 ქულით დაასრულა.

 
მატჩისშემდგომი კომენატრები
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): ოთხივე თამაში დაძაბული იყო. სამწუხაროდ სერია წავაგეთ, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ინარჩუნებდნენ მოგების შანსს. გვქონდა მცირე ტრავმები, სხვადასხვა პრობლემები, მაგრამ ვთვლი, რომ რაც შეეძლოთ ის ბოლომდე გააკეთეს. 
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): ურთულესი თამაშები გვქონდა. იქედან გამომდინარე, რომ პირველი თამაში წავაგეთ და შემდეგი 3 თამაშის ზედიზედ მოგება, ისეთი გუნდი როგორიც ბათუმია, ნამდვილად ძლიან რთულია. ხვალიდანვე უნდა მოვემზადოთ უკვე ფინალებისთვის – დაველოდებით მეტოქეს. დიდი მადლობა მინდა მოთამაშეებს გადავუხადო, თუმცა მთავარი საქმე ჯერ კიდევ წინაა. წარმატებები ბათუმს.