თბილისში დაწყებული სუპერლიგის პირველი ტური გურჯაანში დასრულდა. გურჯაანელებს მეორე წელია, სუპერლიგაში გუნდი ჰყავთ, თუმცა საკუთარ ქალაქში პირველი მატჩი დღეს ჩაატარეს. კახეთის ქალაქში დღეს გამართულ შეხვედრას ადგილობრივ ქომაგებთან ერთად რეგიონის ხელმძღვანელობა დაესწრო. მატჩმაც გაამართლა: გურჯაანს ნასტუმრებმა ბათუმმა მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართა და დაძაბულ ფინალში – 80:76 (სტატისტიკა) იმარჯვა.
ისევე როგორც ტურის ყველა მანამდელი მატჩი, გურჯაანული შეხვედრაც პირდაპირ ეთერში გადაიცა. მოძრავი ტელე-სტუდია, რომელიც სუპერლიგას მოემსახურება, ყველა ქალაქს და მატჩს ესტუმრება და ქომაგებს პირდაპირ ტრანსლაციას შესთავაზებს. მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში და კალათბურთის ფედერაციის სოციალურ ქსელებში – ფეისბუქისა და Youtube-ის გვერდებზე განხორციელდება.
გურჯაანში გამართული მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მანამდე შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი სტუმრებმა 2 ქულით მოიგეს, თუმცა დიდი შესვენებისთვის 2 ქულით უკვე მასპინძელი გალიდერდა. მესამე პერიოდში გურჯაანელებმა თამაშში თითქოს გარდატეხა შეიტანეს, როცა 8 ქულით დაწინაურდნენ. მე-4 პერიოდის ახალდაწყებულზე მასპინძელთა უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია (72:62), რის შემდეგაც ბათუმელებმა თამაში დაცვაზე გადააწყვეს. დარჩენილ დროში ჰანტერ ბოუდის და ვახტანგ ქადარიას მექულეობით სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს (73:73), რის შემდეგაც თანაბარი ბრძოლა წავიდა.
ანგარიში თანაბარი იყო თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრეც, როცა დაველ რობიმ ზუსტი საჯარიმოთი ბათუმი 77:76 დააწინაურა. გურჯაანელებმა შემდეგ შეტევაში სამქულიანი 2-ჯერ ააცილეს – (ტერი კოლინსმა და ჯარვის რეიმ), რის შემდეგაც ბათუმელთა შეტევა მასპინძლებმა ჯარიმით შეაჩერეს. ძირითადი დროის დასრულებამდე 13 წამით ადრე რობიმ ორივე საჯარიმო ჩააგდო და აჭარული გუნდი 79:76 დააწინაურა. გურჯაანელებმა თამაშის გათანაბრება სამქულიანით მოინდომეს, თუმცა საბა ლობჯანიძის სროლა მიზანს ასცდა, რომელიც ლევან ელიაძემ მოხსნა და დროის მოგების მიზნით მასპინძლებმა ჯარიმა აიღეს.
ელიაძემ ერთი საჯარიმო ჩააგდო და ბათუმი მეტოქისთვის მიუწვდომელი გახადა. 2.5 წამში 4 ქულის გაბათილება ფანტასტიკის სფერო გახლდათ და ეს არც მომხდარა. ბათუმელებმა, რომელმაც 3 დღის წინ სუპერთასი თსუ-სთან წააგეს, სუპერლიგა გასვლითი გამარჯვებით დაიწყეს.
გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი ვახტანგ ქადარია გახლდათ, რომელმაც 16 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. დაველ რობიმ 19 ქულა და 6 პასი მიითვალა. გურჯაანელთაგან 5 მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს. ოთარ ფხაკაძე სამმაგ დუბლს მიუახლოვდა: მის ანგარიშზე 13 ქულა, 10 პასი და 7 მოხსნა დაგროვდა. ბექა ბექაურმა 17 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.
პირველ ტურში 4 შეხვედრა ჩატარდა. თსუ-სა და გორის ივერიონის მატჩი გადაიდო და 28 დეკემბერს ჩატარდება. მიზეზი თსუ-ს ევროთასებზე ასპარეზობაა, რომელიც დღეს, გვიან ღამით გერმანიაში, ფიბა ევროპის თასზე გოტენბერგთან სათამაშოდ მიემგზავრება.
ფოტო: BC Delta Gurjaani