რუსთავის საკალათბურთო გუნდი ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო “ცხუმ-აფხაზეთს” და საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდა. სერია სამ მოგებამდე გრძელდება და რუსთაველებს კარგი შანსი აქვთ, 11 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორონ, როცა ბოლოჯერ გახდნენ საქართველოს ჩემპიონები.
თავის მხრივ, მიუხედავად 0:2 ჩამორჩენისა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ცხუმ-აფხაზეთიც იმედიანად შეჰყურებს შემდეგ მატჩებს და იოლად არაფრის დათმობას არ აპირებს. ამის მიზეზი ის მატჩებია, რომლებიც ცხუმელებმა რუსთავში ჩაატარეს. განსაკუთრებით დღეს გამართული მეორე შეხვედრაა აღსანიშნავი, რომელშიც თბილისური გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო.
ჩერქეზიშვილის გუნდმა დღეს გაცილებით უკეთესად ითამაშა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში რუსთაველებმა მეტი მობილიზება გამოიჩინეს, ანატოლი ბოისას გუნდს იღბალმაც წააშველა ხელი და შეხვედრაც მასპინძელთა გამარჯვებით – 74:71 (სტატისტიკა) დასრულდა.
ბოლო წამზე, ნოდარ გოგოძემ გამთანაბრებელი სამქულიანი ესროლა, რომელიც კალათში არ ჩაეშვა. თუმცა სათქმელია, რომ ცხუმელებს მანამდეც ჰქონდათ გათანაბრებისა და დაწინაურების შანსები. ალექსანდრე ფევაძემ ბოლოსწინა და ბოლო წუთზე ორჯერ გაუშვა ხელიდან ცხუმელთა დაწინაურების შანსი. ეროვნული ნაკრების მოთამაშის სროლები მიზანს ასცდა, თუმცა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ, ცხუმელებს საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ.
პირველი პერიოდის შემდეგ ჩერქეზიშვილის გუნდი 12 ქულით იგებდა, შემდეგ უპირატესობა 14 ქულამდეც გაზარდა, თუმცა, წინა მატჩის მსგავსად, მესამე პერიოდიდან მასპინძლები ამოქმედდნენ. განსაკუთრებით გამოსარჩევია მალიქ უაითის შედეგიანობა, რომლის წინამძღოლობითაც რუსთაველებმა ჩამორჩენა გააბათილეს და დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ცხუმ-აფხაზეთი აღმოჩნდა მდევრის როლში. რუსთაველთა ცენტრის – გეგი ბაქრაძის მოედნიდან გავარდნის შემდეგ ჩერქეზიშვილის გუნდმა საკმაოდ დიდი ბონუსი მიიღო. თუმცა ცხუმ-აფხაზეთმა ეს ფარქვეშა უპირატესობა ვერ გამოიყენა და პერიმეტრიდან თამაშში ისევ რუსთაველებმა იხეირეს.
ბოლოსწინა წუთზე ანგარიში თანაბარი – 69:69 იყო, თუმცა, როგორც გითხარით, ცხუმელებმა რამდენიმე შეტევა გააცუდეს, რუსთაველებმა კი – ჩააგდეს და გამარჯვებაც მასპინძლებს დარჩათ. 27 ქულით ქვემოქართლელებს მალიქ უაითმა ულიდერა. 15 ქულა და 9 მოხსნა ჯილან ვაშინგტონმა მიითვალა, მაიკლ დევისის ანგარიშზე კი 14 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. ცხუმ-აფხაზეთში 15-15 ქულითა და 6-6 მოხსნით ალექსანდრე ფევაძე და რაჰიმ ჯონსონი გამოირჩნენ. 12 ქულა და 11 პასი ჯოშ მაკფოლის ანგარიშზე დაგროვდა.
ფინალური სერიის მე-3 შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 27 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.