ფინალურ სერიაში ქუთაისი დაწინაურდა

ფინალურ სერიაში ქუთაისი დაწინაურდა

 სტატისტიკა  
 გალერეა სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩმა არ გაამართლა.
ბრძოლა არ გამოდგა ფინალის შესაფერისი. „ქუთაისმა“ ძალიან იოლად და დამაჯერებლად დაამარცხა
„დინამო“ და სერიაში 2:1 დაწინაურდა. ხვალ, 18:00 საათზე თბილისის სპორტის ახალ სასახლეში
მორიგი მატჩია, რომლის გამარჯვების შემთხვევაშიც კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისელები
ჩემპიონები გახდებიან. არადა, ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი ქუთაისში,
26 მაისს გაიმართება.

დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, თავშიც ვთქვით, რომ ბრძოლა
არ შედგა. ქუთაისელებმა ისე კარგად ითამაშეს, ისე უშეცდომოდ, რომ მესამე პერიოდის შუაწელში
შეხვედრას აზრი დაეკარგა. სხვაობამ 35 ქულას მიაღწია და „დინამოს“ მწვრთნელმა, ირაკლი
ხოშტარიამ მოედანზე სათადარიგო მოთამაშეები გამოიყვანა.

„ქუთაისმა“ საქმე ნაადრევ გამარჯვებამდე დალაგებული
და რაც მთავარია, შედეგიანი თამაშით მიიყვანა. დინამოელები ერთადერთხელ იგებდნენ, როცა
მიხეილ ბერიშვილმა მატჩის პირველი ბურთი ჩააგდო და მასპინძლები 2:0 დააწინაურა. ქუთაისელებმა
დაცვისა და შეტევაში გააზრებული თამაშის წყალობით უპირატესობა მალევე მოიპოვეს და დაწინაურდნენ.
გიორგი შარაბიძე ქუთაისელთა ფარქვეშ პოზიციების გამაგრებას შეეცადა, მაგრამ ვახტანგ
ქადარიასა და ბექა ბექაურის შეწყობილი თამაშით დინამოელთა ცენტრს ამის საშუალება არ
მიეცა. უკანა ხაზში კი ქუთაისელებს ანატოლი ბოისას შედეგიანობამ უპირატესობა მოუტანა.
ვეტერანმა კალათბურთელმა საშუალო სროლებიც ჩააგდო, შორიც და დაცვაშიც კარგად გაისარჯა.
სისწრაფეში ქუთაისელებს ზაურ ფაშაევის და გოგა ცეკვავას სისხარტემ მოუტანა უპირატესობა,
ხოლო რიჩარდ მათიაშვილმა ფარქვეშ აშკარად აჯობა ოპონენტებს.

18:11 მოგებული პირველი პერიოდის შემდეგ ქუთაისელებმა
მეორე ათწუთეულში 31:14 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 24-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.
თამაშის განახლებიდან მალევე თამაშის ბედიც გადაწყდა. დინამოელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს
სტუმართა გამართულ თამაშს და ქუთაისელთა გამარჯვება მატჩის დასრულებამდე კარგა ხნით
ადრე გაირკვა.

„ქუთაისს“ გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია, რადგან ტუღუშის
გუნდის წევრებმა გუნდურად ითამაშეს. 16 ქულით ბომბარდირი ჯონ ბრიტონი გახდა. 13 ქულა
დაგროვდა გოგა ცეკვავას ანგარიშზე, ხოლო სამმა კალათბურთელმა – ბოისამ, ფაშაევმა და
ბექა ბექაურმა 9-9 ქულა მიითვალეს. დინამოელთაგან 14 ქულით ბომბარდირი ნოდარ გოგოძე
გახდა. 

მატჩისშემდგომი კომენატრები
ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): საერთოდ ყველა კომპონენტში გვაჯობეს. ჩვენ ჩვენის მხრივ დდავუშვით ის შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაგვეშვა. ბუნებრივია ხდება ასე, როდესაც მსგავსი დაძაბული მატჩებია. სუპერფინალებია და ბევრი პირველად თამაშობს, თუმცა 2:1-ია მხოლოდ ჯერჯერობით, ვეცდებით რომ ჩვენი შანსი ბოლომდე გამოვიყენოთ. 
კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში ვულოცავ მთელ გუნდს გამარჯვებას, შემდეგ ასევე სრულიად ქუთაისს. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჩამოვიდა ქუთაისიდან და ჩვენ უბრალოდ უფლება არ გვქონდა სხვანაირად გვეთამაშა. ჩვენ დავიხარჯეთ ბოლომდე, გავაკეთეთ მაქსიმალურად ყველაფერი, რომ ეს თამაში მოგვეგო. ანგარიშის სხვაობა ცოტათი დიდი კი იყო, მაგრამ ეს არაფერს, საერთოდ არაფერს ნიშნავს.ხვალ გვაქვს უმძიმესი თამაში დინამოსთან. ჩვენი მიზანი იყო ერთი თამაში მაინც მოგვეგო თბილისში. მინიმუმი შესრულებულია. უნდა ვეცადოთ, რომ მეორეც მოვიგოთ.