ქართველი მსაჯების, კომისრებისა და მატჩების მომსახურე მდივნებისთვის სემინარების ჩასატარებლად თბილისში ფიბა–ევროპის ინსტრუქტორი, ესპანეთის კალათბურთის ფედერაციის ჩინოსანი ვიქტორ მასი ჩამოვიდა.
ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში ვიქტორ მასი ტექნიკურ განყოფილებაში მოღვაწეობს, რომელსაც ახალი წესების შემოღება და ძველი წესების დახვეწა ევალება. ვიქტორ მასი ამავდროულად ფიბა–ს კომისარია და ევროთასებსა და საერთაშორისო მატჩების მომსახურებითაც არის დაკავებული. მასი თბილისში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოწვევით ჩამოვიდა და ორდღიან სემინარს ჩაატარებს, რომლის პირველი ნაწილიც დღეს, სასტუმრო „სიმპათიაში“ გაიმართა და მას საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის შემადგენლობა სრულად დაესწრო.
მასისთან აუციენციაზე მატჩების მომსახურე მდივნებიც მოვიდნენ და სემინარმაც საკმაოდ საინტერესოდ, სამუშაო გარემოში ჩაიარა. ვიქტორ მასის სემინარის ჩატარებაში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ფიბა–ს კომისარი, მერაბ რატიშვილი და ფიბა–ს არბიტრი მაკა კუპატაძე ეხმარებოდნენ. უცხოელმა ინსტრუქტორმა ჩვენს მსაჯ–კომისრებსა და მდივნებს ეკრანზე არაერთი საინტერესო მაგალითი უჩვენა და საკამათო ეპიზოდების დროს სწორი გადაწყვეტილების მიღების გზა უჩვენა. სემინარები სასტუმრო „სიმპათიაში“ ხვალაც გაიმართება და მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი მოინახულებს.
დღევანდელი სემინარის შემდეგ ვიქტორ მასიმ და ქართველმა მსაჯ–კომისრებმა კომენტარები გააკეთეს:
მაკა კუპატაძე, ფიბა–ს არბიტრი, საქართველოს მსაჯთა კავშირის ინსტრუქტორი:„მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატის დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა, რამაც დღის წესრიგში დააყენა მატჩების მომსახურე მსაჯ–კომისრების დონის ამაღლებაც. ვიქტორ მასის სემინარები საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები მსაჯებისთვის. ვფიქრობ, მისი სტუმრობა ხელს შეუწყობს ჩვენს ჩემპიონატში მსაჯებისა და სხვა ოფიციალური პირების პროფესიონალიზმის ამაღლებას“.მერაბ რატიშვილი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი:„ვიქტორ მასიმ ჩვენს მსაჯებს, კომისრებსა და მდივნებს საკმაოდ ბევრი ეპიზოდი უჩვენა და რეკომენდაციები მისცა. მართალია 2010 წლის შემდეგ კალათბურთის წესებში ძირეული ცვლილებები არ შესულა, მაგრამ არის არაერთი ფუნქტი, რომლის ინტერპრეტაციაც სხვა ხედვას მოითხოვს. სწორედ ასეთ მომენტებზე გაამახვილა ბატონმა მასიმ ყურადღება და იმედია, მისი სემინარები ჩვენებისთვის დადებითად ჩაივლის“.ვიქტორ მასი: „საქართველოში პირველად ვარ, მაგრამ ვიცი, რომ თქვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად პროგრესირებს. ვიცნობ ფიბა–ს კატეგორიის არბიტრ მაკა კუპატაძეს, რომელსაც ევროპაში საკმაოდ მაღალი პრესტიჟი აქვს. იმედი მაქვს, წლების მანძილზე დაგროვებული ჩემი გამოცდილება დადებითად წაადგებათ ქართველებს“.