“ა” ლიგის საკალათბურთო კლუბ “ორბსა” და ტყიბულის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც ტყიბულში ახალი პროფესიული საკალათბურთო კლუბი ”ტყიბულის ორბი” ჩამოყალიბდა. ახალი კლუბის პრეზენტაცია ტყიბულის სპორტის სასახლეში გაიმართა. ქალაქის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა დამსწრეებს ახალი კლუბი წარუდგინა, რომელიც 2022-2023 წლების სეზონნში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ “ა” ლიგაში იასპარეზებს. საშინაო მატჩებს “ორბი” ტყიბულში უმასპინძლებს და წარმატების შემთხვევაში შემდეგი სეზონისთვის სუპერლიგაში გადასვლის შანსი ექნება.
ღონისძიებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილე, ლაშა გამყრელიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის, თერჯოლის, ბაღდათისა და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს გაიმართა ამხანაგური მატჩი “ტყიბულის ორბსა” და “ა” ლიგის დებიუტანტ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შორის. ორბის კალათბურთელებმა მეტოქეს 17 ქულით – 99:82 სძლიეს.
ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): კალათბურთის ფედერაცია ყოველთვის მზადაა მსგავსი პროექტების მხარდაჭერისთვის. ჩვენი მიზანია რეგიონებში კალათბურთის განვითარება და სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების მასიმალური ჩართულობა. ორბი ის კლუბია, რომელიც ბავშვების განვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და ამ პროექტს ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს.
დავით ჩერქეზიშვილი (ტყიბულის მერი): პროფესიონალური კალათბურთის გუნდი ტყიბულის მუნიციპალიტეტს პირველად ეყოლება. ვუსურვებ ჩვენს კლუბს A ლიგიდან აღზევებას. ჩვენს საკალათბურთო სკოლასაც ვულოცავ ამ ამბავს, რადგანაც პროფესიონალური გუნდის არსებობს ქალაქში მნიშვნელოვანია.
ბეჟან წაქაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის, თერჯოლის, ბაღდათისა და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი): დარწმუნებული ვარ ტყიბულში ახალი კლუბის შექმნა საწინდარი იქნება სპორტული აღმავლობისა, ვუსურვებ ამ კლუბს წარმატებას.