სუპერლიგას ახალი ლიდერი ჰყავს. ისე, რომ არც ერთ გუნდზე მეტი თამაში არ ჩაუტარებია, ოლიმპი ცხრილის სათავეშია. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა 15 მატჩიდან 12 მოიგო და სუპერლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა. ოლიმპს დღეს მეტოქედ აუტსაიდერი ვერა ჰყავდა და რომ გაიმარჯვებდა, მოსალოდნელი იყო, თუმცა როგავას გუნდს გამარჯვება მთლად იოლად არ მოუპოვებია.
როგორც წესი, ვერა ნებისმიერ მეტოქეს ბოლომდე ებრძოლება. ასე იყო ოლიმპთანაც. პირველი პერიოდი ფრედ – 21:21 დასრულდა. აი, მეორეში კი ოლიმპელებმა იძალეს, ათწუთეული 11 ქულის სხვაობით – 30:19 მოიგეს და ეს უპირატესობა, მეტ-ნაკლები ოდენობით, თამაშის ბოლომდე შენარჩუნდა.
ვერელებმა თამაშის მიწურულს სიტუაცია დაძაბეს, როცა თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეკვეცეს. ოლიმპი 10 ქულით იგებდა, დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა და როგავას გუნდს საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა მართებდა, როცა ვერელებმა მიჯრით რამდენიმე შეტევა მოინადირეს და გიორგი ვახანიას სამქულიანის შემდეგ ანგარიში 90:93 გახდა. ვახანიამდე ოლიმპის ფარი ვახტანგ გოგბერაშვილმა და კაიდენ რაისმა დალაშქრა.
ვერელთა შეუპოვრობას ცივი წყალი ვლადიმერ თავაქარაშვილის სამქულიანმა გადაასხა, რომლის შემდეგაც ოლიმპი 96:90 დაწინაურდა და დარჩენილ 1 წუთში საკმაოდ გამოცდილი ოლიმპელები ამ უპირატესობას რომ არ გაანიავებდნენ, ცხადი იყო. საბოლოოდ დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა 102:95 (სტატისტიკა) იმარჯვა და სუპერლიგის ყველა გუნდს ცხრილის კენწეროდან გადმოხედა.
შეუჩერებელი გახლდათ ოლიმპის ცენტრი ლინტონ ელაისი, რომელმაც 33 ქულა და 8 მოხსნა მოინაგრა. 17 ქულა და 9 მოხსნა ობრი მაკალპინმა მიითვალა, 21 ქულით კი თავაქარაშვილი გამოირჩა. ვერელთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ვახანია. დერიკ ნიქსმა პირად ანგარიშზე 14 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი ჩაიწერა. 17 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა ლუკა ზაქრაძის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მორიგი ტური 11 და 12 მარტს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.