სუპერლიგის მე-3 ტური, რომელიც გუშინ ბათუმსა და ქუთაისში დაიწყო, დღეს დედაქალაქში გრძელდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი უკვე დასრულდა. საკალათბურთო კლუბმა “ოლიმპმა” მიმდინარე სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა “ცხუმ-აფხაზეთი” 91:82 დაამარცხეს.
ოლიმპელებს საწყისი 2 ტურის მატჩები წაგებული ჰქონდათ და “ცხუმ-აფხაზეთთანაც” მატჩის უმეტეს დროს აგებდნენ. საწყისი პერიოდის 21:17 მოგების შემდეგ “ოლიმპმა” მეორე ათწუთეული 18:24 დათმო და დიდი შესვენებისთვის 2 ქულით ჩამორჩა. მესამე მეოთხედი მეტნაკლებად თანაბარი გახლდათ, თუმცა ცხუმელებმა უპირატესობის 4-ამდე გაზრდა მოახერხეს, ხოლო დასკვნით პერიოდში ზვიად ანთაძის გუნდმა ტემპს და სიზუსტეს უმატა, 10 ქულით დაწინაურდა და “ოლიმპი” რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი მალევე გამოერკვა. ამერიკელი ლეგიონერების, კორი ჰოლდენისა და აკიეან ფრედერიკის ზუსტ გარღვევებს, რეზო როგავამ 2 ზუსტი სამქულიანი მოაყოლა და “ოლიმპი” შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გალიდერდა. სწრაფი თამაშისა და მწყობრი დაცვის წყალობით ოლიმპელებმა გაქცევა გააგრძელეს და მეტოქე 8 ქულით ჩამოიტოვეს – 71:63. ეს გახდა გარდამტეხი მომენტი, რის შემდეგაც, დარჩენილ 3 წუთში, ცხუმელებმა ვერაფერი შეცვალეს და დამარცხდნენ.
“ოლიმპში” 17 ქულით, 9 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო კორი ჰოლდენი. 22 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა აკიეან ფრედერიკმა, ხოლო რეზო როგავას ანგარიშზე 14 ქულა, 6 პასი და 6 მოხსნა დაგროვდა. “ცხუმ-აფხაზეთში” 20 ქულითა და 6 ფპასით საუკეთესო იყო დეონტა ფრანკლინი. 15 ქულა ჯასტინ ბოგლიმ, ხოლო 14 კვან უოლერმა მიითვალეს.
ოლიმპი – ცხუმ-აფხაზეთი
სტატისტიკა: 91:82