თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისა და „ოლიმპის“ დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით – ანგარიშით 91:72 დასრულდა. სტუდენტებს რაც შეეძლოთ, წინააღმდეგობა გაუწიეს სუპერლიგის ერთ-ერთ ფავორიტს
მაგრამ საბოლოოდ წარმატებამდე ვერ მივიდნენ.
ყველაზე ახლოს „ოლიმპთან“ სტუდენტები მესამე მეოთხედის დასაწყისში მივიდნენ, როცა ანგარიში 56:52 გახდა. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ოლიმპელთა გააქტიურება, რასაც ხელი თსუ-სთვის ერთმა უსიამოვნო მომენტმა შეუწყო. გივი ბაქრაძემ მოედნის ცენტრის სიახლოვეს ბურთი დაკარგა, რომელიც ჩამჭრელ ლევან ფაცაციაზე არასპორტულად დაჯარიმდა. ბაქრაძემ პროტესტი გამოთქვა, რის გამოც არბიტრ ზაზა მაჩალაძისგან ტექნიკური ჯარიმაც დაიმსახურა. ფაცაციამ სამი საჯარიმო ჩააგდო, ბოძებული შეტევაც წარმატებით დააგვირგვინეს ოლიმპელებმა და მათმა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა.
ამის შემდეგ თსუ ჩამორჩა და სპორტის სამინისტროს გუნდს გამარჯვებამდე მისვლა აღარ გასჭირვებია. გამარჯვებულთაგან 19 ქულით ბომბარდირი ლიტველი მარტინას ანდრიუკაიტისი გახდა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. დამარცხებულ სტუდენტებს ტრადიციულად კოტდივუარელმა სერჟ ასელაინმა ულიდერმა, რომელმაც ამჯერადაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 13 მოხსნა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
გია კაზანჯიანი(ოლიმპი): გუნდში ტრავმიანობა და ვირუსები ისევ პრობლემებს ქმნის. გუშინ პირველად ვითამაშეთ ვარჯიშზე 5-5-ზე, სათამაშო პრაქტიკა გვაკლია. დაცვაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ბევრი ხარვეზი გვქონდა, სროლებში უფრო ვიმარჯვეთ.
ლევან ქარაბაკი(თსუ,ასისტენტი): ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ძალიან ძლიერი გუნდია, მაღალი კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებული. ჩვენი თამაშით უკმაყოფილო არ ვარ,თუმცა დვალიშვილის შეჩერება ვერ მოვახერხეთ და ოლიმპს შორეული სროლებიც წაუვიდა.
აკაკი დვალიშვილი(ოლიმპი): იყო შეცდომები, რომლებსაც სამომავლოდ გამოვასწორებთ. თსუ მებრძოლი გუნდია და ვფიქრობ, სანახაობრივი თამაში გამოვიდა.
გივი ბაქრაძე(თსუ): ოლიმპმა შესანიშნავად ითამაშა, შორეული სროლები კარგად გამოიყენეს. ჩვენ თამაში არ წაგვივიდა, თუმცა იმედია შედეგებს გავაუმჯობესებთ.
თსუ – ოლიმპი 72:91
დინამო – ქუთაისი 87:85