ოლიმპმა რუსთავს რევანში აუღო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 სტატისტიკაგალერეაVideo 

“ოლიმპმა” და “რუსთავმა” რეგულარულ
ჩემპიონატში ასპარეზობა დაასრულეს. ბოლო ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები
შეხვდნენ. შედეგს სატურნირი თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა – ნებისმიერ
შემთხვევაში რუსთაველები რეგულარულ ჩემპიონატს მე-7 ადგილზე ასრულებდნენ, ხოლო ოლიმპელები
– მე-8-ზე.

მიუხედავად ამისა, მატჩს პრინციპულობა არ აკლდა. ამ
გუნდების პირველი წრის მატჩი რუსთავში მასპინძლებმა მოიგეს და დავით თორთლაძის გაწვრთნილ
“ოლიმპს” მეტოქეზე რევანშის აღება სურდა.

შეხვედრა საინტერესო გამოვიდა. პირველ მეოთხედში მოპოვებული
სოლიდური, 13-ქულიანი ლიდერობის მიუხედავად, დიდ შესვენებაზე ოლიმპელები საიმედო  უპირატესობით ვერ გავიდნენ. მეორე პერიოდში ქვემოქართლელებმა
იყოჩაღეს და 10-წუთეულის 24:15 მოგებით პირველი ტაიმის ბოლოს ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს
– 39:43.

 მეორე ტაიმში
ოლიმპელები ლიდერობდნენ, რუსთაველები კი ცდილობდნენ ვითარების გამოსწორებას, რასაც
მატჩის დარჩენილი დრო მოანდომეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც არაფერი გამოუვიდათ. მატჩი
ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა. ბოლო წუთი რომ დაიწყო, “ოლიმპი” 5 ქულას
იგებდა და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა – 74:70.

ოლიმპელთაგან 17 ქულით და 13 მოხსნით რიჩარდ მათიაშვილი
გამოირჩა, ნოდარ თენიეშვილის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. “რუსთავში”
17 ქულით რეზო ჩაჩანიძე გამოირჩა, ხოლო გიორგი ყველაშვილმა 15 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა.

“ოლიმპი” მეოთხედფინალურ სერიაში “დინამოს”
შეხვდება, ხოლო “რუსთავი” – “არმიას”.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
მე-7-8 ადგილებზე მყოფი გუნდები ვართ, სხვა გუნდებთან შედარებით ამ ადგილებს ვიმსახურებდით.
დღეს უშუალო კონურენტების მატჩი იყო, პრინციპული მეტოქეები ვართ და სასიხარულოა, რომ
რეგულარული ჩეპიონატი მოგებით დავასრულეთ.
ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):
 ვთვლი, რომ რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილის
დაკავება ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმუმი იყო, არ გვქონია
შეკრებებზე წასვლის და მედიკამენტებით მოთამაშეების უზურნველყოფის საშუალებაც კი. თან,
3 წამყვანი მოთამაშე გამოგვაკლდა, ამან სერიოზული გავლენა იქონია. მივულოცავ ,,ოლიმპს’’
გამარჯვებას. ჩვენს გუნდს მეტი შეეძლო, თუმცა ახლა უკვე მოვემზადებით პლეიოფებისთვის.
იმის შანსი გვაქვს, რომ ღირსეული თამაში ვაჩვენოთ.

რიჩარდ მათიაშვილი(,,ოლიმპი’’): დღევანდელი მოგება
უფრო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გვჭირდებოდა, კარგია, რომ რეგულარული გამარჯვებით დავასრულეთ.
უკვე დავიწყებთ მეოთხეფინალებისთვის მზადებას, შევეცდებით, ბოლომდე ვიბრძოლოთ და ვნახოთ,
რა გამოვა.