სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი ოლიმპი გახდა. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა ცხრილში პირველი ადგილი რეგულარულის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდა. ოლიმპელებმა პირველობა უშუალო კონკურენტის – რუსთავის ძლევით დღეს გაინაღდეს, რითაც პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა გაინაღდეს.
ოლიმპელებს მოედნის უპირატესობა რეგიონის გუნდებთან გამოადგებათ, რომლებსაც (ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი) საპრიზო ადგილების მოგების ამბიცია გააჩნიათ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც რეგულარულში ოლიმპის გადასწრების შანსი ჰქონდა, მარცხი განიცადა. რუსთავი ბოლომდე ებრძლა ოლიმპს, მაგრამ გამარჯვებამდე მისვლა ვერ მოახერხა. ოლიმპმა წინა მატჩისგან განსხვავებით (რომელიც კავკასიასთან უიმედოდ დათმო), წამყვანი კალათბურთელები – გივი ბაქრაძე, ლინტონ ესლაისი, ობრი მაკალპინი და ლუკა კალატოზიშვილი ათამაშა და შედეგიც მოიმკა.
ოლიმპმა 7 კალათბურთელით ითამაშა, რომელთაგან 5-მა ათქულიან ბარიერს უწია. დავით როგავას გუნდმა საბოლოოდ 93:82 (სტატისტიკა) იმარჯვა, რაშიც ლომის წილი 13 ქულითა და 16 პასით გივი ბაქრაძემ დაიდო. ეს უკანასკნელი შედეგი მიმდინარე სუპერლიგის რეკორდის გამეორებაა: ერთ მატჩში 16-16 შედეგიანი გადაცემა აქვთ მოგროვებული რუსთაველ ტროი კროფტსა და თსუ-ელ გიორგი ცინცაძეს.
ოლიმპი რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს კატუსთან გამართავს და რომც დამარცხდეს, პირველ ადგილზე გავა. მე-2 ადგილი აქვს გარანტირებული რუსთავს, რომელიც ბოლო ტურში თსუ-ს ეთამაშება.