თრილერის მსგავსი თსუ-დინამოს მატის შემდეგ დღეს ოლიმპიურ სასახლეში გამართული მეორე შეხვედრაც ძალიან დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი ერთმა სროლამ გადაწყვიტა, რომელიც, ოლიმპის გასახარად, კახა ჯინჭარაძემ შეასრულა. ამ ზუსტი სამქულიანით “ოლიმპმა” “მგზავრები” 81:79 (სტატისტიკა) დაამარცხა და დავით როგავას, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიმიტრი ჯაკობოვი შეცვალა, 3 მატჩიდან 2 გამარჯვება აქვს.
აღსანიშნავია, რომ სუპერლიგაში დაძაბული მატჩები მომრავლდა და ამ ფაქტორს, გარკვეულწილად დონის ამაღლებაც მოსდევს. ყველა კალათბურთელი უდიდესი მონდომებით თამაშობს და იბრძვის. ახალგაზრდებს მოტივაცია განსაკუთრებით გაუძლიერდათ მას შედეგ, რაც ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილი სიტუაციის გამო, ეროვნულ ნაკრებს სუპერლიგის მოთამაშეთა დახმარება სულ უფრო მეტად სჭორდება. ბოლო წლებში ეროვნულ გუნდში არაერთი მოთამაშე მოხვდა ქართული კლუბებიდან და გასულ სანაკრებო ფანჯრისას, ილიას ზუროსის გუნდში რეკორდულად ბევრი – 8 სუპერლიგელი იყო. ამან, ცხადია, გავლენა იქონია იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც ნაკრებში მოხვედრის ამბიცია აქვთ და მათი ყოჩაღი გარჯა თამაშებსაც დადებითად დაეტყო.
დავუბრუნდეთ ოლიმპისა და მგზავრების დაძაბულ მატჩს, რომლის გმირიც ერთ-ერთი პირველია, რომელიც თავის დროზე ილიას ზუროსის ფორმაციის საქართველოს ნაკრებში მოხვდა. ჯინჭარაძემ მგზავრებთან მატჩში თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა. იმის გარდა, რომ საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო, მანამდე, მთელი თამაშის განმავლობაში, თავის გუნდს ლიდერობდა და ჯამში თავი 35 ქულას მოუყარა.
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი მგზავრები ბოლო ადგილზეა, თუმცა ამ გუნდს დიდი ბრძოლისუნარიანობა გააჩნია და ნებისმიერ მეტოქესთან ტოლსწორად იბრძვის. ამის დასტური ბოლო წამზე წაგებული ბოლო ორი მატჩია. შეგახსენებთ, რომ ბერიშვილის გუნდმა წინა შეხვედრა “ცხუმ-აფხაზეთთან” ბოლო წამზე ალექსანდრე ფევაძესგან მიღებული ორქულიანით წააგო.
ჯინჭარაძის კვალზე ოლიმპში 13 ქულითა და 6 პასით ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი წევრი, ოთარ ფხაკაძე გამოირჩა. ბუნდუ აბდულაიმ 12 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მგზავრებში 23 ქულითა და 9 პასით საუკეთესო იყო ჯეიდონ კოჰი, 20 ქულა და 10 მოხსნა ტეილორ ედვეიმ მიითვალა.
სუპერლიგის მორიგი მატჩები 27 დეკემბერს, რუსთავსა და თბილისში გაიმართება. რუსთაველები “ტიტებს” 14:00 საათზე უმასპინძლებენ, ხოლო ოლიმპიურ სასახლეში 12:00-ზე ვერა-ცხუმ/აფხაზეთი, ხოლო 15:00-ზე კაკტუსი-ქუთაისი გაიმართება.