ოლიმპმა მარნეული დაამარცხა

ოლიმპმა მარნეული დაამარცხა

სუპერლიგის მე-4 ტური დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა. ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „ოლიმპი“ და სუპერლიგის დებიუტანტი „მარნეულის დელტა“ დაუპირისპირდნენ.

მარნეულელები სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერთან მატჩს დანაკლისით შეხვდნენ. გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ლებედინცევმა და „მარნეულს“ „ოლიმპთან“ მატჩში უკრაინელი მწვრთნელის ახალგაზრდა ასისტენტი, ბექა ქარცივაძე გაუძღვა.

მატჩი თავიდან თანაბარი იყო. „დელტა“ იბრძოდა და მეტოქეს არ რჩებოდა. პირველი პერიოდიც ფრედ – 18:18 დასრულდა, ხოლო მეორეში ოლიმპელებმა იძალეს. ფარქვეშ დომინირებდნენ მარკ ოგდენი და ნიკა დარბაიძე, ხოლო პერიმეტრიდან რევაზ როგავამ,  გივი ბაქრაძემ და მერაბ ბოქოლიშვილმა გაისწორეს სამიზნე. შედეგად, ოლიმპელებმა მეორე პერიოდი 26:14 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

მეორე ნახევარში „დელტა“ ბევრს ეცადა, წინ გაჭრილ მეტოქეს ჩამორჩენა 8-9 ქულამდეც შეუმცირა, მაგრამ ბოლო გადამწყვეტ პერიოდში  ძალები არ ეყო. „ოლიმპმა“ სწრაფი შეტევებითა და ზუსტი სამქულიანებით კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა და საბოლოოდ 88:68 გაიმარჯვა.

გამარჯვებულთა მხრიდან 19 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი. ნიკოლოზ დარბაიძემ 16 ქულა მიითვალა, ხოლო რევაზ როგავამ 12 ქულით დაასრულა შეხვედრა. მარნეულის გუნდში 17-17 ქულით ზვიად ანთაძე და ნიკ ნილი გამოირჩნენ. 10 ქულა მოაგროვა არტიომ შვეცმა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით როგავა, „ოლიმპის“ მწვრთნელი:

„ანგარიშის მიუხედავად, არ იყო მთლად იოლი თამაში. ბოლო პერიოდში დიდი გაქცევა გავაკეთეთ. ბევრი ხარვეზი იყო, რაზეც მოგვიწევს მუშაობა. საერთოდ, კარგი გუნდური გამარჯვება იყო და ამისთვის მადლობა ბიჭებს.   მოვემზადებით მომავალი მატჩებისთვის. მომავალ კვირაში დატვირთული გრაფიკი გვაქვს – 3 მატჩს ვთამაშობთ „დინამოსთან“, „სოხუმთან“ და სტუმრად „ბათუმთან“. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ ამ პრინციპული მატჩებისთვის.

ბექა ქარცივაძე, „დელტას“ მწვრთნელი:

„მთავარი მწვრთნელი წავიდა. „მგზავრებთან“ მატჩშიც სავარაუდოდ მე მომიწევს გუნდის მწვრთნელობა, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან არ მაქვს სათანადო გამოცდილება. ბიჭებიც ყველანაირად ეცადნენ, გვერდში დამდგომოდნენ და შეკრულად ეთამაშათ, თუმცა არ გამოგვივიდა“.