თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის ფინალური სერიის განმეორებითი მატჩი არმიასა და ოლიმპს შორის, სადაც გამარჯვება ოლიპის გუნდმა მოიპოვა 69:67 და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
ოლიმპელებმა შეხვედრა თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და საწყის მეოთხედში სოლიდური სხვაობით დაწინაურდნენ – 18:8. ,,ოლიმპი” მეორე მეოთხედშიც ჩინებულად გაისარჯა და პირველივე წუთზე თავის სასარგებლოდ 21:8 დააფიქსირა. მოპოვებული უპირატესობა ოლიმპელებმა მეორე მეოთხედშიც შეინარჩუნეს და შუაწელში 30:17 გავიდნენ წინ. აღნიშნული პერიოდის დარჩენილ დროში არმიელებმა სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს 22:30, ხოლო ტაიმში მინიმალური სხვაობით 33:34 ჩამორჩნენ მეტოქეს. მესამე მეოთხედში ოლიმპის გუნდი წინ 41:35 გავიდა და მოპოვებული უპირატესობა ათწუთეულის ბოლომდე შეინარჩუნა (51:59), არმიელები კი მდევრის როლში აღმოჩნდნენ. დაძაბულად წარიმართა დასკვნითი მეოთხედი, რომლის მე-4 წუთზე არმიის გუნდმა ანატოლი ბოისას წყალობით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა – 57:58. აღნიშნულ მონაკვეთში ჯერემი რიჩარდსონის აქტიური და შემტევი თამაშის ხარჯზე ,,ძალოვნებმა” წინ გასვლაც მოახერხეს და 62:61 დაწინაურდნენ. რიჩარდსონს მხარი უილიამ ტომასმაც აუბა და ,,არმია” 3 ქულით, 64:61 გავიდა წინ. მიუხედავად ამისა, ,,ოლიმპმა” შეძლო ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 1:23 წუთით ადრე გიორგი ცინცაძის შორეული სამქულიანის წყალობით ფრე – 64:64 დააფიქსირა. ამის შემდეგ გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. მატჩის ბოლო წუთზე მიხეილ ბერიშვილმა ზუსტი სამქულიანით საკუთარი გუნდი წინ
67:64 გაიყვანა, მაგრამ ,,არმიამ” კვლავ ფრე დააფიქსირა – 67:67. მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე 10:3 წამი რჩებოდა, როდესაც ,,ოლიმპისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ, გადამწყვეტი 2 ქულიანი მოათავსა არმიელთა კალათში და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა – 69:67.
არმიის გუნდს 15 ქულა ჯერემი რიჩარდსონმა შესინა, ხოლო ,,ოლიმპს” ზემოხსენებულმა გიორგი ცინცაძემ ულიდერა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ,,არმიისა” და ,,ოლიმპის” მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.
გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი): პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს ბრწყინვალე თამაშისთვის, განსაკუთრებით დაცვაში და თავდასხმაში. წინა მატჩებიგან განსხვავებით ბოლო 5 წუთში ჩვენი გუნდი არ გატყდა და დამტკიცდა, რომ ძლიერ გუნდთან თამაში შეგვიძლია. წინა მატჩებისგან განსხვავებით დღეს ძალიან გაგვიმართლა და ვფიქრობ, რომ ,,არმია” არ იყო ჩვეულ ფორმაში. მთელი ფინალური სერია წინ არის და ბრძოლა გრძელდება, ამიტომ მომდევნო თამაშზე მაქსიმალური ყურადღება უნდა გავამახვილოთ.
მოთამაშეებიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია გიორგი ცინცაძე, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა როგორც გუშინ, ასევე დღეს და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. დიდი მადლობა აგრეთვე ჩვენ გულშემატკივრებს.
კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი): პირველად მიწევს დამარცხებულ როლში ყოფნა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი ფინალურ სერიაში. მივულოცავ ,,ოლიმპს” გამარჯვებას, რომელმაც საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ვერ ვიტყვი რომ ცუდად ვიასპარეზეთ. ჩვენი წაგება გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა და ამის გამოსწორებას მომდევნო მატჩისთვის
ვეცდებით. ვერც იმის თქმა შემიძლია, რომ მსაჯები მიკერძოებულნი იყვნენ და ,,ოლიმპის” მხარეს იდგნენ, მაგრამ სერიოზული შეცდომები დაუშვეს. როგორც გუშინდელი მატჩის შემდეგ მოხდა თამაშის განხილვა, ამ შეხვედრასაც აუცილებლად განვიხილავთ. იმედია ჩვენი განხილვაც ისეთივე შედეგს გამოიღებს, როგორც ,,ოლიმპისთვის”. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ოლიმპის გუნდს არ ვუკარგავ კარგ თამაშს, უბრალოდ მსურს დღევანდელი შეცდომები სამომავლოდ გამოსწორდეს. მიმაჩნია, რომ როგორც კალათბურთი ვითარდება, მსაჯებიც ასევე უნდა განვითარდნენ.
ნიკიცა სლიუკა: ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომელშიც წვლილი ყველა მოთამაშემ, მწვთნელმა და ასისტენტმა შეიტანა. ვიმედოვნებ მომავალ მატჩშიც ასეთივე კარგად ვიასპარეზებთ და კვლავ გამარჯვებას ვიზეიმებთ.
ზვიად ბაბიაშვილი: ძალიან დაძაბული თამაში იყო. დღევანდელმა მარცხმა უკვე ჩაიარა და ვიწყებთ მომზადებას შემდეგი მატჩისთვის. რაც შეეხება მსაჯებს, დავეთანხმები მწვრთნელს და ვფიქრობ, რომ ეს მატჩი აუცილებლად უნდა განვიხილოთ, რათა მომდევნო შეხვედრაში მსაჯების მხრიდან მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდეს.