გუშინ ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა. თსუ ოლიმპს დაუპირისპირდა და 10 ქულის სხვაობით – 68:78 (სტატისტიკა) დამარცხდა. დღევანდელ დაპირისპირებას გუნდები მნიშვნელოვნად განსხვავებული სტატისტიკით და განწყობით შეხვდნენ: თსუ-მ გასული სამი მატჩი დათმო, ხოლო “ოლიმპი” სტუდენტებთან მატჩს მიჯრით მოპოვებული ხუთი გამარჯვებით, ორმაგად თავდაჯერებული შეხვდა და წარმატებული სერია ამჯერადაც გააგრძელა – პრინციპული მატჩი სათავისოდ დაასრულა და სატურნირო ცხრილში პოზიციებიც გაიმყარა.
“ოლიმპმა” პირველი პერიოდი 22:17 მოიგო და საერთოდაც სტუდენტები მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში ამყოფა. თსუ-ს ლიდერები ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, სამწუხაროდ დანაკლისის ანაზღაურება გაუჭირდათ სათადარიგოებსაც. მეტიც, მატჩის სამი პერიოდი ისე დასრულდა, ძირითადი ხუთეულის მოთამაშეების გარდა, ერთი კინკილა ქულაც კი არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონდა, რაც ცხადია რომ სერიოზული პრობლემაა და მატჩის შედეგზეც ლოგიკურად აისახა.
მატჩის დასკვნით ათწუთეულს თსუ 13 ქულიანი ჩამორჩენით შეხვდა (43:56), რაც დაუძლეველი ჩამორჩენა სულაც არ გახლავთ, სტუდენტებმა შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა შეძლეს და ერთი შეხედვით თამაშშიც დაბრუნდნენ, მაგრამ “ოლიმპმა” დაწყებული საქმე მაინც ბოლომდე მიიყვანა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მიითვალა.
ოლიმპს 20 ქულითა და 9 მოხსნით დონოვან სმიტმა ულიდერა. 11 ქულა და 13 მოხსნა დევანტე ფოსტერმა მიითვალა. 16 ქულა კენდრიკ ტომპსონმა ხოლო 15 – ოთარ ფხაკაძემ მიითვალეს. თსუ-ში 20 ქულით ბომბარდირი გახდა მიხეილ ჭოჭუა. 16 ქულა და 10 მოხსნა ბრენდონ სლაის ანგარიშზეა.