სტატისტიკა
გალერეასუპერლიგის მე-3 ტური „ოლიმპისა“ და „მგზავრების“ დაპირისპირებით
დასრულდა. შეხვედრამ მაყურებელთა მოლოდინი არ გაამართლა: ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა
„ოლიმპმა“ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და მიმდინარე სუპერლიგაში სარეკორდო სხვაობით
– 88:49 გაიმარჯვა.
„მგზავრების“ მარცხს ის ახსნა აქვს, რომ გუნდი მხოლოდ
ერთი ლეგიონერით თამაშობდა – ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდნენ რეჯინალდ მერფი და
კალებ კლეიტონი, ხოლო დევინ ფოსტერი „მგზავრებმა“ დაითხოვეს. ოლიმპელებიც 1 ლეგიონერით
თამაშობდნენ, თუმცა ამ გუნდს უფრო გამოცდილი ქართველი მოთამაშეები ჰყავს და თამაშიც
გაუიოლდა.
უოლტერ პიჩფორდს ტრავმა ჰქონდა, ხოლო ის ერთი უცხოელი,
რომელმაც „ოლიმპში“ ითამაშა, მოედანზე საუკეთესო იყო. ტრე ბურნეთმა შეხვედრა 26 ქულით
და 14 მოხსნით დაასრულა. მას კარგად უწევდნენ პარტნიორობას ირაკლი მიქელაძე და დავით
როგავა, ხოლო გეგი ბაქრაძემ ფარზე კარგად იმუშავა და დაცვაშიც გაუვალი იყო.
მატჩის ბედი დიდი შესვენებისთვის უკვე გადაწყვეტილი
იყო. „ოლიმპმა“ პირველი ტაიმი 45:21 მოიგო და როცა მესამე პერიოდიც ივატინის გუნდის
უპირატესობით დაიწყო, ოლიმპელთა გამარჯვება გარდაუვალი გახდა. ბურნეთის კვალზე „ოლიმპში“
14 ქულით კახა ტომარაძე გამოირჩა. 9 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითალა ლევან მასხულიამ,
ხოლო გეგი ბაქრაძის ანგარიშზე 8 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. „მგზავრებში“ 14 ქულა
დააგროვა ოთარ ფხაკაძემ, ბექა წივწივაძისა ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა.
მომდევნო, მე-4 ტური 4 და 5 ნოემბერს – რუსთავში, ქუთაისსა
და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი
(„მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): ტრავმების გამო
2 ლეგიონერი – მერფი და კალები გვაკლდა. რაც შეეხება ფოსტერს, მას ისეთი ტრავმა აღმოაჩნდა, რომლის რეაბილიტაციასაც
დიდი დრო დასჭირდებოდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ ის სხვა ლეგიონერით ჩაგვენაცვლებინა,
რომელიც ჩვენს გუნდს მალე შემოუერთდება. „მგზავრები“
ისეთი გუნდი არ იქნება, როგორიც დღეს მაყურებელმა
იხილა. ლეგიონერების ტრავმებმა დაკომპლექტებულ
გუნდზე, ცხადია უარყოფითად იმოქმედა. ჩვენი
გუნდი სუპერლიგაში მაღალი შედეგისთვის იბრძოლებს.
დავით როგავა
(„ოლიმპის“ მწვრთნელი): მეტოქეს 2 ლეგიონერი აკლდა, თუმცა ჩვენც 1 უცხოელით
ვთამაშობდით. ჩემპიონატში 2 წაგება გვქონდა და ეს გამარჯვება ძალიან საჭირო იყო. მომავალ
ტურში ქუთაისში გველის რთული შეხვედრა და ამ მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. ვულოცავ
ჩვენი გუნდის წევრებს სუპერლიგის პირველ გამარჯვებას და იმედი მაქვს, ასპარეზობას წარმატებითვე
გავაგრძელებთ.