სუპერლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა “კაკტუსმა” წარუმატებელი სერია “ოლიმპთან” შეწყვიტა. 4 წაგების შემდეგ კაკტუსელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს და თან საკმაოდ ამბიციურ “ოლიმპს” სძლიეს, რომელიც 2 ახალი ლეგიონერით თამაშობდა.
თავის მხრივ, “კაკტუსსაც” 2 ახალი ლეგიონერი ჰყავს, თუმცა დენზელ ლივინგსტონმა და დერიკ ნიუტონმა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზეც ითამაშეს, თუმცა ისინი ახლა უფრო შეთამაშებულები არიან ახალ გუნდთან. პლუს ამას, “კაკტუსს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ირაკლი ხოშტარია, რომელმაც სუპერლიგაში ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვა.
არადა, “ოლიმპმა” ისე დაიწყო თამაში, რომ პრობლემები არ უნდა შეჰქმნოდა. მეორე პერიოდში ოლიმპელები 16 ქულით დაწინაურდნენ და შესაძლოა, ამან მათზე უარყოფითად იმოქმედა. დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი მოეშვა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და გუნდური თამაშით ჩამორჩენის შემცირება იწყო. მეორე პერიოდის დასასრული და მესამე ათწუთეული მთლიანად კაკტუსელებმა შედეგიანად ჩაატარეს და დაწინაურდნენ.
გადამწყვეტი მეოთხედის წინ “ოლიმპი” 5 ქულით აგებდა და გადამწყვეტი ბრძოლაც წინ იყო. კაკტუსელებმა ბოლომდე იბრძოლეს – გამოსარჩევია ლუკა ზაქრაძის შედეგიანი გარჯა, რომელსაც მხარს ლეგიონერები კარგად უბამდნენ. ოლიმპს შეეძლო თამაშის გადარჩენა, მაგრამ ბოლო წამზე, გამარჯვების სამქულიანი კახა ჯინჭარაძეს აუცდა – 71:69 (სტატისტიკა).
“კაკტუსში” 12 ქულით, 10 პასით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი. 15 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ზაქრაძე. 14 ქულა დერიკ ნიუტონის ანგარიშზე დაგროვდა. ოლიმპში 16-16 ქულით კახა ჯინჭარაძე და ახალწვეული იმორას ეიჯი გამოირჩნენ. ადვარდ ეკიორის ანგარიშზე 8 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.