შედეგებიგუშინ თბილისში „დინამო“ – „ქუთაისის“ მატჩით დაწყებული
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური დღეს გაგრძელდა. ოლიმპიურ სასახლეში
2 მატჩი გაიმართა, რომლებშიც პლეი ოფს მიღმა დარჩენილი გუნდები ხვდებოდნენ. ორივე შეხვედრა
ერთდროულად დაიწყო – ოლიმპიური სასახლის „ა“ და „ბ“ დარბაზებში.
„სოხუმი“ „მგზავრებს“ შეხვდა, ხოლო „ოლიმპმა“ „ბათუმს“
უმასპინძლა. ეს გუნდები პლეი ოფში ვერ გავიდნენ და რეგულარული ჩემპიონატის დასრულების
შემდეგ ერთმანეთს ორ წრედ შეხვდებიან და ბოლო ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას დატოვებს.
საკვალიფიკაციოში გუნდებს რეგულარულში დაგროვებული ქულები გადაჰყვებათ და ამიტომ დღევანდელ
მატჩებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ.
ორივე შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. „მგზავრებმა“
ბოლო მეოთხედში მოახერხა სოხუმელების გატეხვა, მანამდე კი, მესამე პერიოდში სოხუმელები
10 ქულით იგებდნენ. დასკვნითი პერიოდი თბილისურმა გუნდმა დიდი შემართებით და შედეგიანობით
დაიწყო, 13-ქულიან ლიდერობას დაეპატრონა და უპირატესობა ბოლომდე იოლად შეინარჩუნა.
„მგზავრებმა“ საბოლოოდ 87:79 მოიგო და რეგულარული ჩემპიონატი მე-6 ადგილზე – კონკურენტ
„ბათუმზე“ და „ოლიმპზე“ წინ დაასრულა.
“მგზავრებს“
30 ქულით კორი ალენმა ულიდერა, 24 ქულა დააგროვა დერნელ ტეილორმა, ხოლო რეჯინალდ მერფის
ანგარიშზე 10 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. სოხუმელთაგან 16-16 ქულით დავით ბარბაქაძე
და რობერტ ვუდსონი გამოირჩნენ.
რაც შეეხება „ოლიმპისა“ და „ბათუმის“ დაპირისპირებას,
მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩის კვანძი
ბოლო წუთებზე გაიხსნა. „ოლიმპმა“ დასკვნითი
პერიოდი 19:10 მოიგო და საბოლოოდ 64:61 იმარჯვა. ამ მოგებით ოლიმპელები „ბათუმს“ ქულებით
გაუთანაბრდნენ.
„ოლიმპში“ 11 ქულითა და 13 მოხსნით ტრე ბურნეთი გამოირჩა.
11 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა რეზო როგავამ. „ბათუმში“ 17 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო
იყო კახა ჯინჭარაძე, ბესო ლეჟავას ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.
სოხუმი – მგზავრები 79:87
ვიტალი ჩერნი (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): წავაგეთ ელემენტარული, ბავშვური შეცდომების გამო.
ძალიან არასტაბილური გუნდი გვყავს, შეიძლება ერთი თამაში მოვიგოთ, მაგრამ მერე ტემპს
ვერ ვინარჩუნებთ. დღევანდელ მატჩშიც ვერ შევინარჩუნეთ უპირატესობა და ამიტომაც წავაგეთ.
ბუბა ბერიშვილი (“მგზავრების” მთავარი მწვრთნელი): რეგულარული ჩემპიონატის ბოლო თამაში იყო და ჩვენი მიზანი
იყო, რაც შეიძლება მეტი ქულებით შევსულიყავით პლეი-აუტში. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს
და გამარჯვებას მიაღწიეს. ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას და წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვან
მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ.
ოლიმპი – ბათუმი 64:61
ლაშა ოჩხიკიძე(„ბათუმის“
მწვრთნელი): ძალიან დაძაბული თამაში იყო და ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ მარცხი
განვიცადეთ, რაც დაცვაში სუსტი თამაშისა და
ჯარიმების ცუდი პროცენტულობის დამსახურებაა. მივულოცავ „ოლიმპს“ გამარჯვებას. დღევანდელი
მატჩის შედეგით სატურნირო ცხრილში ოლიმპს გუნდს გავუთანაბრდით.
ლეონიდ ივატინი
(„ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში
ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში. ეს არ იყო ის თამაში რაც
დღეს უნდა გვეჩვენებინა და რაზეც ვარჯიშების დროს ვმუშაობთ, თუმცა ვიცოდით რომ რთული
თამაში იქნებოდა. ამ თამაშს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ ბუნებრივია
„ბათუმთან“ იოლი არ იქნებოდა გამარჯვება. მადლობას
გადავუხდი ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის .