“ოლიმპი” სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტია

“ოლიმპი” სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტია

პირველი გუნდი, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, კლუბი “ოლიმპია”. დავით როგავასა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა გუნდმა “მეგას” მე-3 მატჩიც მოუგო და პლეი ოფის მეოთხედფინალური სერია მშრალი ანგარიშით – 3:0 დაასრულა. ამ ანგარიშით ნახევარფინალში გასვლის შანსი აქვთ “ქუთაისსა” და “ბათუმს”, რომლებიც სერიას 2:0 იგებენ, თუმცა მათი მატჩები ოთხშაბათს, 5 მაისს გაიმართება. 

ოლიმპელებმა “მეგას” ისე მოუგეს, წარმატების შანსი არ მიუციათ. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს ისევ აკლდა ძირითადი გამთამაშებელი ტაირელ კორბინი, რომლის არყოფნაშიც “ოლიმპს” უკანა ხაზე პრობლემა არ შეჰქმნია. პირველი პერიოდის შემდეგ როგავას გუნდი 10 ქულით ლიდერობდა, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა. 

მიუხედავად იმისა, რომ დამაჯერებლად ლიდერობდნენ, ოლიმპელები თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევდნენ და შესაბამისად, გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ. საბოლოოდ “ოლიმპმა” 93:68 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და ნახევარფინალში ნაადრევად გასვლა იზეიმა. გუნდს 25 ქულით ედვარდ ეკიორიმ ულიდერა. 14 ქულა ილია ლონდარიძემ, ხოლო 13-13 დავით ლომიძემ და იმორას ეიჯიმ მიითვალეს. “მეგაში” 21 ქულით ჯიმონ ჰენსონი გამოირჩა. 17 ქულა ოთარ ბულიავას ანგარიშზე დაგროვდა. 

ოლიმპი ნახევარფინალშია და მეტოქეს თსუ-სა და “ტიტების” სერიიდან ელოდება, რომელსაც უნივერსიტეტელები 2:1 იგებენ.