სუპერლიგის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „ოლიმპმა“ მეორე მატჩშიც იოლად – 117:77 დაამარცხა თსუ და მეოთხედფინალური სერია მშრალი ანგარიშით – 2:0 მოიგო. შეხვედრის ბედი ფაქტობრივად პირველ მეოთხედშივე გაირკვა,
რომელიც ოლიმპელებმა 33:12 მოიგეს. თამაშის სცენარი კაზანჯიანს საშუალებას აძლევდა,
გუნდის წამყვანი მოთამაშეები შეძლებისდაგვარად დაესვენებინა და შედეგად სათამაშო დრო ყველაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. ყველაზე
მეტი – 22,25 წუთი ოლიმპელთა ახალმა ლეგიონერმა დარენ მორმა ითამაშა, რომელიც 19 ქულით
თსუ-ელ გივი ბაქრაძესთან ერთად მატჩის ბომბარდირი გახდა. შეხვედრის ერთადერთი ორმაგი
დუბლი (12 ქულა, 10 მოხსნა) ოლიმპელმა აკაკი დვალიშვილმა მიითვალა.
„ოლიმპი“ ნახევარფინალში ნაადრევად გავიდა და ახლა
„დინამოსა“ და „არმიას“ შორის გამარჯვებულს ელოდება. დინამოელები სერიას 1:0 იგებენ
და დღეს, 20 საათზე, სპორტკომპლექს არენაში „არმიას“ სერიაში მეორედ დაუპირისპირდებიან.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გია კაზანჯიანი
(ოლიმპი): მივულოცავ
ჩემს გუნდს გამარჯვებას და ნახევარფინალში გასვლას, რაც შეეხება დღევანდელ მატჩს იოლი
გამარჯვება მოვიპოვეთ, იყო დაცვაში ხარვეზები, თუმცა ეს ყველაფერი გამოსწორებადია.
გიორგი ჩხეიძე
(თსუ): ვულოცავ ოლიმპს ნახევარფინალური საგზურის მოპოვებას,
ჩვენ საკმაოდ დიდი სხვაობით წავაგეთ, რაც განპირობებულია ჩვენივე შემადგენლობით. ისეთი
მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს, როგორიც ოლიმპია, ნამდვილად ვერ გავუწევდით სათანადო
წინააღმდეგობას. ჩვენი მიზანი იყო პლეი ოფში გასვლა, რასაც მივაღწიეთ კიდეც.
სტენ სოკი (ოლიმპი):
მოხარულები ვართ რომ ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვეცდებით მორიგ თამაშებშიც წარმატებას
მივაღწიოთ.
დავით ხიზანიშვილი:
(თსუ): ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, დღეს არ გვყავდა გუნდის სამი მოთამაშე; ვეცდებით
სხვა შეხვედრებში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.