Old Eagles საქართველოს 3×3 კალათბურთის 2016 წლის ტურის ჩემპიონია

Old Eagles საქართველოს 3×3 კალათბურთის 2016 წლის ტურის ჩემპიონია

 გალერეა 24 ივლისს 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის
ფინალური ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. თბილისის აღმოსავლეთ კარიბჭესთან – East
Point-ის ტერიტორიაზე საქართველოს 12
საუკეთესო გუნდმა მოიყარა თავი. ივნისსა და ივლისში საქართველოს დედაქალაქსა და 4
რეგიონში ჩატარებული შესარჩევი ტურნირების შედეგად შემდეგი 12 გუნდი შეირჩა: dream team, geo3x3, ponto franco,
 hellohaters,კახეთი მიქს, მუხბე, სეუ, სოხა,
squad, west, AND1, Old Eagles.  სწორედ ეს გუნდები
შეიკრიბნენ 24 ივლისს East Point-ში. სამწუხაროდ, რუსთავის ჩემპიონი გუნდი სოხა
ტურნირზე არ გამოცხადდა და ჯგუფურ ეტაპში ნაცვლად 12 მატჩისა 10 ჩატარდა.

East Point-ში ფინალურ ტურნირზე მისულ გულშემატკივარს სიურპრიზი დახვდა: თბილისში საგანგებოდ ფინალურ ტურნირზე დასასწრებად და სათამაშოდ  3X3 კალათბურთის მსოფლიო კორიფეები, „რედ ბულის“ ათლეტები სერბეთიდან – დუშან დომოვიჩ-ბულუტი, დეიან მაისტოროვიჩი, მარკო ჟდერო და მარკო სავიჩი ჩამოვიდნენ.  სწორედ ამ თანმიმდევრობით ეს მოთამაშეები 3X3 კალათბურთის მსოფლიო რეიტინგში 1-დან მე-4 ადგილებს ინაწილებენ. ეს ოთხეული გახლავთ არაერთი სუპერტურნირის გამარჯვებულ გუნდ „ნოვი სადის“ წევრი, რომელსაც სპონსორობას ქუვეითური „ალ ვაჰდა“ უწევს. სერბი კალათბურთელები თბილისში კომპანია „რედ ბულმა“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით ჩამოიყვანა. „ნოვი სადი“ საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მსვლელობისას საჩვენებელი მატჩიც გამართა საქართველოს ნარჩევ
3×3 კალათბურთელებთან და
დათმო კიდეც სიმბოლური ანგარიშით მატჩი. (მსოფლიო
რეიტინგით ნომერ 1-ელ კალათბურთელთან დუშან ბულუტთან ინტერვიუს მოგვიანებით
შემოგთავაზებთ).

პლეიოფში
გუნდები მუხბე, HelloHaters, Geo3x3, Porto Franco, Old Eagles,
SEU, Dream Team
და კახეთი Mix გავიდნენ. გუნდებს თითო მოთამაშე უნდა წარედგინათ 3-ქულიანების
კონკურსისათვის, რომელიც ნახევარფინალებამდე გაიმართა. სანახაობრივი აღმოჩნდა
აგრეთვე ჩატენვების კონკურსი, რომელიც 3 ქულიანების კონკურსთან ერთად ქართული 3×3 ტურნეს განუყოფელი ნაწილია.

ფინალში
ერთმანეთს კახეთი Mix  და Old Eagles დაუპირისპირდნენ და საინტერესო და დაძაბული ბრძოლაც შედგა. საბოლოოდ „ბებერმა
არწივებმა“ თავისი გაიტანეს და 3×3 საქართველოს 2016 ტურის ჩემპიონობასაც
დაეუფლნენ.

გათამაშების
შემდგომ ტრადიციულად დაჯილდოვება გაიმართა. მეორე ადგილოსანი გუნდი, საქართველოს
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 განყოფილების
უფროსმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა მედლებითა და სიგელებით.

3
ქულიანების კონკურსში გამარჯვებულს კახა გიორგაძეს, რომელიც HelloHaters-ის ღირსებას იცავდა ტურნირის სპეციალურმა სტუმარმა, ყველასათვის
საყვარელმა ქართველმა კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა კუთვნილი ჯილდო.

ჩატენვების
კონკურსში გამარჯვებული „ნოვი სადის“ კალათბურთელებმა გამოავლინეს – ეს ტიტული
დავით დადუნაშვილს ერგო და ჯილდოც მსოფლიოს ნომერ 1-ლი მოთამაშეებისგან ჩაიბარა. 

ჩემპიონ
გუნდს Old Eagles-ს საჩემპიონო მედლები და
სიგელები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ
გაბრიჩიძემ გადასცა.

გამოვლინდა
ტურნირის MVP – საუკეთესო მოთამაშის ტიტული ტურნირის ორგანიზატორებმა Old Eagles-ის ზუკა მაჩალაძეს მიანიჭეს დამსახურებულად საკუთარი გუნდისთვის
თავდადებისათვის. საქართველოს 3×3 ტურნირის 2016 წლის საუკეთესო
მოთამაშეს სპეციალური ჯილდო სიმბოლურად მსოფლიოს საუკეთესოდ აღიარებულმა
დუშან ბულუტმა გადასცა. 

და
ბოლოს, საჩემპიონო თასით გამარჯვებულები საქართველოს კალათბურთის ეროვნული
ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვა.

საქართველოს ჩემპიონ
გუნდს Old Eagles
აღნიშნულ ტიტულთან ერთად 3X3 კალათბურთის ერთ-ერთი ევროპული ტურნირის საგზური
ერგება, რომელიც 13-14 აგვისტოს რუმინეთის დედაქალაქ
ბუქარესტში გაიმართება. 

3×3 საქართველოს ტური
2017 წლამდე გემშვიდობებათ და აუცილებლად დაბრუნდება ტრადიციულად ახალ და ლამაზ
ლოკაციაზე!