მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის
პირველი ეტაპი რეგიონებში დასრულდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ქუთაისსა და ბათუმში აღნიშნული
პროგრამის ეგიდით დასავლეთ საქართველოს მწვრთნელებს თეორიული და პრაქტიკული სემინარები
ჩაუტარდათ, 1 და 2 დეკემბერს კი პროგრამაში ჩართულ მწვრთნელებს გამოცდები ჩაუტარდათ.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კალათბურთის მწვრთნელთა
კავშირის მიერ ორგანიზებული პროგრამა გასულ ივნისს დაიწყო და თბილისში მისი პირველი
ეტაპი ჩატარდა. აქტივობა დიდი
იყო, რის გამოც დედაქალაქში პირველი ეტაპის მეორე ნაწილის ჩატარებაც იგეგმება. მანამდე
კი პირველი ეტაპი დასავლეთ საქართველოს მწვრთნელებმაც გაიარეს.
1 დეკემბერს ქუთაისში
გამართულ გამოცდებში მონაწილეობა 35-მა მწვრთნელმა მიიღო, რომლებიც იმერეთის, სამეგრელოს
და გურიის რეგიონებს წამოადგენდნენ. საგამოცდო კომისიაში შედიოდნენ კალათბურთის შემდეგი
სპეციალისტები: ანტონ კაზანჯიანი, გივი ბიჭიაშვილი, დავით უსტიაშვილი, გელა წულაძე
და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი.
გამოცდები ჩატარდა როგორც
თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებში. ანალოგიური გამოცდები გაიმართა 2 დეკემბერს ბათუმშიც,
სადაც აჭარის რეგიონის 17-მა მწვრთნელმა მოიყარა თავი.
გამოცდების საბოლოო შედეგები
თეორიული საგამოცდო ბილეთების შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი. მწვრთნელებმა, რომლებმაც
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით
გაიარეს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან მინი კალათბურთში და 14-წლამდელებში მწვრთნელად
მუშაობის ლიცენზიას მიიღებენ.