სუპერლიგის მორიგ მატჩში “მგზავრებმა” “კაკტუსს” უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერთა სამეულში არ არიან, ორივე გუნდი გასულ მატჩებში წარმატებით ასპარეზობდა. “მგზავრებმა” წინა მატჩებში “ქუთაისი” და “რუსთავი” დაამარცხა, “კაკტუსმა” კი “რუსთავს”, “სოხუმს” და “ქუთაისს” მოუგო. ამავდროულად, ცხრილში ამ გუნდებს შორის სოლიდური სხვაობა გახლდათ კაკტუსელთა სასარგებლოდ, რომლებიც “მგზავრებს” მთელი 5 მოგებით უსწრებდნენ.
ამის მიუხედავად, შეხვედრა ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი “მგზავრების” დამაჯერებელი გამარჯვებით – 91:77 დასრულდა. “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელის, არჩილ ჟღენტის მატჩისშემდგომი კომენტარის თანახმად, მისი გუნდი ამ მატჩს ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი შეხვდა. მოგეხსენებათ, კაკტუსელები 2 დღის წინ რუსთავში მოპოვებული გამარჯვების შედეგად თასის გათამაშების ფინალში გავიდნენ და მათი მწვრთნელის თქმით, “მგზავრებთან” სათამაშოდ მისი გუნდის წევრები თავდაჯერებულები გავიდნენ.
“მგზავრებს” ტრავმების გამო ძირითადი ცენტრი – ბერნარდ ნკალი და სათადარიგო ფორვარდი რატი ნუცუბიძე აკლდა, თუმცა ვინც მოედანზე იყო, ყველამ მაქსიმუმი გაიღო და დამსახურებულად გაიმარჯვა. შეხვედრის მსვლელობისას ძირითადად “მგზავრები” ლიდერობდნენ, მაგრამ მათი უპირატესობა ისეთი არ ყოფილა, რომ “კაკტუსს” იმედი დაეკრგა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ბერიშვილის გუნდმა ეს ლიდერობა ბოლომდე იოლად შეინარჩუნა.
გამარჯვებულებს ადრიან ბოუიმ ულიდერა, რომელმაც 23 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა. 25 ქულით ბომბარდირი გახდა ტეილორ სტეფორდი, ხოლო ავთანდილ ლომინაშვილმა 14 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. “კაკტუსში” 22 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე პარკსი, ხოლო გიორგი ტურძილაძის ანგარიშზე 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ნიკოლოზ ცინცაძე – „მგზავრების“ მწვრთნელი:
„ზედიზედ მესამე გამარჯვება მოვიპოვეთ და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ასეთ კარგ გზაზე ვართ. პლეი-ოფამდე ბოლო წრე იწყება და იმედია, გაგვყვება ეს წარმატებული სვლა.“
არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:
„თასის ფინალში გასვლის შემდეგ, ბიჭებს თავდაჯერებულობა შეემატათ და მოდუნდნენ. ვაფრთხილებდი მათ ამ შედეგის შესახებ, თუმცა, რა თქმა უნდა, წაგებას ჩემს თავზე ვიღებ.“
მგზავრები – კაკტუსი
სტატისტიკა: 91:77