სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა “მგზავრებსა” და “ტიტებს” შორის. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი მგზავრები სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის. ეს გუნდი უმეტესწილად ბოლო ადგილზე იმყოფებოდა და დღევანდელი გამარჯვების შემდეგ კონკურენტებთან წამოწევა მოახერხა. მგზავრებმა დაძაბულ ბრძოლაში – 68:64 (სტატისტიკა) დაამარცხა “ტიტები” და მოგებებით ერთ-ერთ კონკურენტ “დინამოს” გაუთანაბრდა.
მგზავრების მოთამაშეებმა თამაშში მთელი ძალა და გამოცდილება ჩადეს. ბრძოლისა და მაქსიმალური შემართების ხარჯზე ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ პერიოდში 15-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და გამარჯვებაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა. მანუჩარ მარკოიშვილმა თავის ასისტენტებთან ერთად ტიტების კალათბურთელები შესვენებაზე გამოაფხიზლა. მიცემული დავალებები მათ რიგიანად შეასრულეს და შედეგად მესამე პერიოდში ჩამორჩენა 10 ქულით შეამცირეს – 45:50.
ცხადი იყო, ბოლო პერიოდში ტიტები მოსაგებად გაიწევდა და ასეც მოხდა. დავით ლომიძის, ტაილან ბირდსისა და ბრენდან აუგბორნსის შედეგიანობით ტიტებმა 3 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა და მგზავრების მწვრთნელი, ბუბა ბერიშვილი იძულებული გახდა, ზედიზედ 2 წუთშესვენება აეღო. გადამწყვეტი გამოდგა ოთარ პერტაიას სამქულიანები, რომელიც მან ძალიან საჭირო მომენტში ჩააგდო და როცა ამერიკელებმა – ტროი სტიუარტმა და ჯეიდონ ფრედერიკმაც გაისწორეს მიზანი, მგზავრების ლიდერობამ 10 ქულას უწია.
ტიტებმა ბოლო წუთებზე გაიბრძოლა, მაგრამ მგზავრებმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვეს და მიმდინარე სეზონში ძალიან გაიშვიათებული გამარჯვება მოიპოვეს. მგზავრებს 21 ქულით პერტაიამ ულიდერა. 8 ქულა და 16 მოხსნა სოსო გოგნაძის ანგარიშზეა. ტროი სტიუარტმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. ტიტებში 13 ქულით დავით ლომიძე გამოირჩა. 10 ქულა პრინს უილიამსის ანგარიშზეა.
დღის ბოლო შეხვედრაში “დინამო” “ვერას” დაუპირისპირდება.