სუპერლიგის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი “მგზავრები” შესანიშნავ ფორმაშია. წინა ტურში ჩემპიონატის ლიდერი “ქუთაისის” დამარცხების შემდეგ, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს მეორეადგილოსანი “რუსთავი” 97:86 დაამარცხა, რომელსაც პოტენციურად ეს ადგილი დააკარგვინა. თუკი რუსთაველთა მოზიარე “დინამო” დღეს “ოლიმპს” დაამარცხებს, მეორე ადგილზე გადავა და ქვემოქართლელები მესამეზე დაეშვებიან.
“მგზავრებმა” სამაგალითოდ ითამაშა. 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, ხოლო ახალგაზრდა საბა აკობიას გარდა, რომელიც მოედანზე ბოლო წუთზე შევიდა, ქულა ყველამ მიითვალა. ეს ნიშნავს, რომ “მგზავრებმა” გუნდურად ითამაშეს. მართლაც, ამ გუნდის ყველა რგოლი დაბალანსებული იყო და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ისე მოუგო, კითხვის ნიშნები არ დატოვა.
მხოლოდ პირველი პერიოდი გამოდგა შედარებით თანაბარი, რომელიც მასპინძლებმა 23:22 მოიგეს. მეორე მეოთხედიდან “მგზავრების” დომინირება აშკარა გახდა როგორც სამწამიან ზონაში, ფარქვეშ, ისე უკანა ხაზში. ირაკლი ალხანაიძე – ავთანდილ ლომინაშვილის დუეტი დარქვეშ შეწყობილად მოქმედებდა, ხოლო მეორე ნახევრიდან ფარქვეშ დომინირება გააგრძელა “მგზავრების” კამერუნელმა ლეგიონერმა – ბერნარდ ნკალიმ. უკანა ხაზში ადრიან ბოუისა და ტეილორ სტეფორდის ტანდემი სისწრაფეშიც და სიზუსტეშიც ჯაბნიდა რუსთაველ ოპონენტებს, რის შედეგადაც მესამე მეოთხედში თბილისელთა უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია, ოხლო ბოლოში – 20-ს გადააჭარბა.
საბოლოოდ მატჩი ისე ჩამთავრდა, დაძაბულობა არ დასტყობია. “მგზავრებმა” ზედიზედ მეორე და ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვეს და ცხრილში მოცილე “მარნეული” ჩამოიტოვეს. აღსანიშნავია, რომ რუსთაველებს რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე აკლდათ, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მეტოქედ ცხრილში ბევრად დაბლა მყოფი მეტოქე ჰყავდათ.
“მგზავრებში” 16 ქულით ბომბარდირი ტეილორ სტეფორდი გახდა, თუმცა ჯამური სტატისტიკით ყველაზე სარგებლიანები იყვნენ ბერნარდ ნკალი (15 ქულა, 11 მოხსნა) და ადრიან ბოუი (14 ქულა, 7 პასი, 6 მოხსნა). “რუსთავში” 23 ქულა ჰქონდა ლევან ცეკვავას, 19 – ადამ ბლეიზეკს, ხოლო რევაზ ჩაჩანიძის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
რამაზ გოგობერიშვილი – “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
“ტრავმირებული გვყავს 3 მოთამაშე, რაც დიდი დანაკლიასია, მაგრამ ამის მიუხედავად გვქონდა შანსი, რომ მატჩი შემოგვეტრიალებინა, რაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. “მგზავრები” ძალიან კარგი გუნდია. ვიცოდი, რომ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდებოდა მოსაგებად, მაგრამ რაც შევძელით ისაა, რომ პირველ ტაიმში გავუწიეთ წინააღმდეგობა, თუმცა მერე კი ცოტა მსაჯებმაც მიაშელეს მეტოქეს ხელი”.
ნიკა ცინცაძე – “მგზავრების” მწვრთნელი:
“ძალიან კარგი გეზი ავიღეთ, ასე ვთქვათ. ზედიზედ მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ გათამაშების ლიდერებთან, რაც სატურნირო მდგომარეობისათვის ძალიან კარგია. “მარნეული” გვეწევა და ასეთ დროს ლიდერების დამარცხება დიდი უპირატესობაა”.
მგზავრები – რუსთავი
სტატისტიკა: 97:86