სუპერლიგაში ბოლო პერიოდის ყველაზე შედეგიანი გუნდი თბილისის “მგზავრებია”. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო, რაც, თუ სუპერლიგის წევრთა დაბალანსებულ პოტენციალს გავითვალისწინებთ, ძალიან კარგი შედეგია. “მგზავრებმა” დღეს მაღალი ამბიციის მქონე “ოლიმპი” ისე დაამარცხეს, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნია. ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრის უმეტეს პერიოდში მეტოქე 20 ქულაზე ახლოს არ მიიკარა, საბოლოოდ კი 93:79 მოუგო და ცხრილში პოზიცია გაიმყარა.
დაკარგული ქულების მხრივ, “მგზავრებსა” და “ოლიმპს” შორის უკვე მინიმალური სხვაობაა. შესაძლოა, “მგზვარებმა” მოახერხონ კიდეც ცხრილში მე-7 ადგილიდან მეექვსეზე, ან თუნდაც მე-5-ეზე ანაცვლება, თუმცა უფრო მთავარი ალბათ ისაა, რომ ბერიშვილის გუნდი პროგრესირებს და პლეი ოფს ფორმის პიკზე ხვდება. მეოთხედფინალში “დინამო” იქნება “მგზავრების” მეტოქე, “რუსთავი” თუ “კაკტუსი, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მთავარია, გუნდი კარგად შეთამაშებული შეხვდეს გადამწყვეტ მატჩებს და დანარჩენი შემდეგში გადაწყდება.
რაც შეეხება “ოლიმპს”, ლეონიდ ივატინისა და დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი ვერაა სათანადო დონეზე – რაც უმეტესწილად ტრავმიანობის ბრალია, თუმცა ვინც ჯანზეა, ვერც ისინი აჩვენებენ მწვრთნელებისთვის სასურველ, ვარჯიშებზე დაგეგმილ თამაშს. ასე რომ, დღევანდელი მატჩი ოლიმპელებისთვის კარგი გაკვეთილი უნდა გახდეს და როცა ამ გუნდს ნაოპერაციები მარკ ოგდენი და ახალწვეული ნიკა მეტრეველი დაემატებათ, მეტი წარმატების ჯანსაღი ამბიციაც მაშინ მიეცემათ.
დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ადრიან ბოუი გახდა, რომელიც საშუალოდ მითვლილი 19.6 ქულით სუპერლიგის მეორე მექულეა და მას კაკტუსელი დეანდრე პარკსი მხოლოდ 0,1 ქულით უსწრებს. ოლიმპელებს 17 ქულა ჩაუგდო ტეილორ სტეფორდმა, ხოლო ირაკლი ალხანაიძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. “ოლიმპში” 16-16 ქულით ბომბარდირობა გივი ბაქრაძემ და მორის ჰილმა გაიყვეს, ხოლო ნიკა დარბაიძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. სუპერლიგის 26-ე ტური ხვალ, ბათუმსა და თბილისში გასამართი მატჩებით დასრულდება. აჭარაში სათამაშოდ “კაკტუსი” ჩავა, ხოლო დედაქალაქში “დინამო” “რუსთავს” უმასპინძლებს.
ოლიმპი – მგზავრები
სტატისტიკა: 79:93