სტატისტიკაგალერეასუპერლიგის 25-ე ტური მოულოდნელი შედეგით დასრულდა.
ტურის ბოლო შეხვედრაში ცხრილის პოლუსებზე მდებარე გუნდები – პირველადგილოსანი „დინამო“
და ბოლოზე მყოფი „მგზავრები“ შეხვდნენ. გამარჯვება დარჩა „მგზავრებს“, რომელიც ისევ
გაუთანაბრდა „ოლიმპს“ და სუპერლიგაში დასარჩენი ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა.
„მგზავრები“ გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც მიმდინარე
ჩემპიონატში „დინამო“, ორჯერ დაამარცხა. „მგზავრებს“ დიდი დანაკლისი ჰქონდათ
ამ მატჩში. გუნდის 4 ლეგიონერიდან ერთ-ერთმა – კაშიმ რენსომმა მყესი დაიზიანა და „დინამოსთან“
სათამაშოდ ვერ გავიდა. მიუხედავად ამისა, „მგზავრებმა“ თავიდანვე დაანახეს ლიდერ დინამოელებს,
რომ დანებებას არ აპირებდნენ.
„დინამოს“ სერიოზული პრობლემა შეექმნა ფარზე – ილია
ლონდარიძემ პირველივე პერიოდში 4 პერსონალური მიიღო და მოქმედება შეეზღუდა. სროლები
არ წაუვიდა მიხეილ ბერიშვილს, ხოლო „მგზავრების“ უკანახაზელები – ოთო ფხაკაძე, კორი
ალენი და დერნელ ტეილორი სწრაფად და ზუსტად თამაშობდნენ, ფარზე კი რეჯინალდ მერფის
ხელს ავთო ლომინაშვილი და გიორგი ტურძილაძე აშველებდნენ.
„მგზავრებმა“ მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყვიტა.
სწორედ მაშინ, როცა დინამოელებმა 10-ქულიანი ჩამორჩნა გააბათილეს და თითქოს კრიზისიც
გადალახეს. ბოლო 4 წუთში 2 სამქულიანი ჩააგდო ახალგაზრდა გიორგი ქავთარაძემ, რასაც
„მგზავრების“ ლეგიონერთა სიზუსტეც დაერთო და თამაში ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა
– 70:58.
გამარჯვებულებს 18 ქულით დერნელ ტეილორმა ულიდერა.
15-15 დააგროვეს რეჯინალდ მერფიმ და გიორგი ქავთარაძემ. კორი ალენის ანგარიშზე 14 ქულა
და 7 მოხსნა დაგროვდა. „დინამოში“ 10-10 ქულით მიხეილ ბერიშვილი და ილია ლონდარიძე
გამოირჩნენ.
სუპერლიგის 26-ე ტური 11 და 12 აპრილს – ქუთაისსა და
თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი (“მგზავრების” მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მადლობა ჩემ ბიჭებს, რომლებმაც კარგად გაართვეს თავი მიცემულ დავალებას. ტრავმებისა და სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილიდან გამომდინარე გუნდში პრობლემები გვაქვს, ამიტომ ეს მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად ვიბრძვით იმისთვის რომ ცხრილის ქვედა ოთხეულში რაც შეიძლება მაღალი ქულით შევიდეთ და სუპერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.
ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ “მგზავრებს” ღირსეულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას. არ ვაკნინებ მოწინააღმდეგე გუნდის მოგებას, მაგრამ ჰქონდა ამ ყველაფერს გარკვეული მიზეზები – ტრავმები, მოტივაციის ნაკლებობა, ჩემი, როგორც მწვრთნელის შეცდომები, ჯამში ყველაფერი. თუმცა ეს ჩვენთვის კატასტროფა არ არის და ვაგრძელებთ მუშაობას იმ გეგმაზე, რაც გვაქვს. ამ ორ წაგებას გავაანალიზებთ და ხარვეზების გამოსწორებაზე ვიმუშავებთ.