სუპერლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარაა. მე-4 ტურამდე 3 წაუგებელი გუნდი იყო – დინამო, თსუ და ტიტები, რომლებმაც ამ უქმეებზე მარცხის სიმწარე პირველად იგემეს. თსუ-სა და დინამოს შემდეგ, მე-4 ტურის ბოლო მატჩში მარცხი განიცადა ტიტებმა. ლაშა გამყრელიძის გუნდი ბუბა ბერიშვილის მგზავრებთან ხელმოცარული დარჩა. მგზავრების ახალწვეული, დარელ ქომბსბი გამრჯე მოთამაშე აღმოჩნდა, რომელიც თავის გუნდს სეზონის პირველი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
სწრაფ და თანაბარ თამაშში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო მეოთხედამდე გაურკვეველი იყო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ხელჩასაჭიდ ლიდერობას ვერც ერთი გუნდი ვერ ეპატრონებოდა. პირველი მეოთხედი ტიტებმა 13:12 მოიგეს, ხოლო მეორე 15:18 დათმეს. დიდ შესვენებაზე მგზავრები 2 ქულით იგებდნენ, თუმცა მესამე ათწუთეულში მწყობრი დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და დასკვნით პერიოდს 4-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ – 54:50.
ცხადი იყო, რომ გამარჯვებული ის დარჩებოდა, რომელიც ბოლო მეოთხედში მეტ დისციპლინას და შედეგიანობას გამოავლენდა. ამერიკელი ლეგიონერების – დარელ ქომსბის, ტაჯ სპენსერის და დანიელ დუარტეს შედეგიანობით, რომლებსაც კოტე ბიწაძეც ეხმარებოდა, მგზავრებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს – 69:60 დასრულებამდე 4 წუთით ადრე. დარჩენილ დროში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა მგზავრებმა ლიდერობა წარმატებით შეინარჩუნეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ – 75:66.
გამარჯვებულებს ტაჯ სპენსერმა ულიდერა, რომელმაც 18 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა და 9 მოხსნა დანიელ დუარტემ მოაგროვა, ხოლო კოტე ბიწაძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. მგზავრების ახალწვეულმა დარელ ქომსბიმ 14 ქულა და 5 პასი მიითვალა. ტიტებში 18 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკა მეტრეველი, 13 ქულა და 10 მოხსნა ტრისტინ უოლეს ანგარიშზე დაგროვდა.
სუპერლიგის მე-5 ტურის მატჩები 8 და 9 ნოემბერს გაიმართება.
ტიტები – მგზავრები
სტატისტიკა: 66:75