მგზავრები ბათუმში დამარცხდნენ

მგზავრები ბათუმში დამარცხდნენ

 სტატისტიკასუპერლიგის მორიგი, 22-ე ტური დღეს რეგიონებში, 2 მატჩით
დაიწყო. აჭარის მთავარ ქალაქში ერთმანეთს „ბათუმი“ და „მგზავრები’ დაუპირისპირდნენ.
აუტსაიდერთა მატჩს სატურნირო თვალსაზრისით დიდი დატვირთვა ჰქონდა.
გამარჯვების შემთხვევაში „მგზავრები“ აჭარულ გუნდს ქულებით ეწეოდა და წარმატების მისაღწევად
ბოლომდეც იბრძოლა.

თბილისურმა გუნდმა პირველი პერიოდი 24:19 მოიგო, დიდი
შესვენებისთვის კი უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმიდან სწორი
დასკვნები გამოიტანეს და თამაშის განახლებიდან მალევე ინიციატივას დაეპატრონნენ. მესამე
10-წუთეული ბათუმელებმა 23:17 მოიგეს, ხოლო ბოლო მეოთხედში ლიდერობაც მოიპოვეს. მასპინძელთა წარმატება ძირითადად ზუსტი შორი სროლებით იყო განპირობებული. ზღვისპირელებმა მთლიანობაში 15 სამიანი ჩააგდეს.

ბოლოსწინა წუთზე ზღვისპირელები 78:73 დაწინაურდნენ,
თუმცა „მგზავრები“ არ ტყებოდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. უკანასკნელ წამებზე სტუმრები
მეტოქეს ერთი ქულით – 78:79 მიუახლოვდნენ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ბათუმელებმა
აღარ დაანებეს. საბოლოოდ აჭარულმა კლუბმა 81:78 იმარჯვა და ცხრილის აუტსაიდერთან გათანაბრება
არ დაუშვა.

„ბათუმს“ 26 ქულით ილია შემოსიუკმა ულიდერა. 21 ქულა
და 7 მოხსნა კახა ჯინჭარაძემ დააგროვა. 10 ქულა და 8 პასი ბესო ლეჟავას ანგარიშზე დაგროვდა.
„მგზავრებში“ 29 ქულით საიკეთესო იყო კაშიმ რენსომი. 15 ქულა თბილისელებს კორი ალენმა
შემატა.
მატჩისშემდგომი კომენატრები
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): ტრავმები არ გვშორდება. პირველ ტაიმში კრივცოვმა მიიღო ამჯერად ტრავმა და ზუსტად არ ვიცით, რა მდგომარეობაში იქნება. თამაშს რაც შეეხება, მეორე ნახევარში გადავწყვიტეთ ბედი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბევრი საჯარიმო ტყორცნებიც გავაცუდეთ. ყველაფერი წინაა და მომდევნო მატჩისათვის მოვემზადებით. 
ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში ვულოცავ ბათუმს ღირსეულ გამარჯვებას. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო მსაჯების შეცდომა თამაშის მიწურულს. ბოლოს ჯარიმა გვეკუთვნოდა, არ დაგვინიშნეს და გავასაჩივრეთ კიდეც. ვიცოდით, რომ დღევანდელ მატჩში ბათუმი გარე ტყორცნებზე გააკეთებდა აქცენტს და შედეგიც სახეზეა – 15 3–ქულიანი ჩაგვიგდეს.