მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი დინამომ მგზავრებს 2 ქულით მოუგო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 სტატისტიკა გალერეამეოთხედფინალური
სერიის მეორე წყვილში ერთმანეთის პირისპირ „დინამო“ და „მგზავრები-არმია“ წარდგენ.
მატჩს არანაირად არ ეტყობოდა, რომ ერთმანეთს რეგულარულ ჩემპიონატში პირველ და ბოლო
ადგილზე მყოფი გუნდები ხვდებოდნენ. „მგზავრები-არმიამ“ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია
მოქმედ ჩემპიონ „დინამოს“.

ბუბა
ბერიშვილის გაწვრთნილი „მგზავრები-არმია“ მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში იგებდა
და დინამოელებმა დიდ შესვენებამდე 2 წამით ადრე მოახერხეს ლიდერობის მოპოვება –
40:39. მესამე პერიოდი ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა უკეთესად ჩაატარეს
და 24:15 მოგების შემდეგ ბოლო ათწუთეულის წინ 10 ქულით – 64:54 დაწინაურდნენ.

გადამწყვეტი
ბოლო წუთები გამოდგა. გუნდური სულისკვეთებით მებრძოლმა არმიელებმა საფინალო სირენამდე
წუთნახევრით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 74:77. აქ არმიელების მხრიდან ტაქტიკური
ჯარიმების თამაში წავიდა, რომელშიც გამარჯვებული დინამოელები გამოვიდნენ – 84:82.

„დინამოს“
22 ქულით და 9 პასით გიორგი გამყრელიძემ ულიდერა. 17 ქულა ბესო ლეჟავამ მიითვალა,
16 – ილია ლონდარიძემ, ამერიკელმა გარიკ შერმანმა კი შეხვედრა 12-12 ქულა-მოხსნით დაასრულა.  „მგზავრები-არმიაში“ 17 ქულითა და 19 მოხსნით საუკეთესო
ადრიკ მაკკინლი გახლდათ, 17 ქულა დააგროვა ტატო ჩაჩიბაიამ, მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე
კი 13 ქულა დაგროვდა.

სერიის
მეორე შეხვედრა 5 მაისს, სპორტის სასახლეში, 14:00 საათზე გაიმართება.

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი
მწვრთნელი):  შეიძლება თამაში რამდენიმე მეოთხედად
დავყოთ. თავიდან ნორმალურად დავიწყეთ, შემდეგ პრობლემები გვქონდა, მაგრამ გამოვასწორეთ.
მეოთხე მეოთხედში ისევ გვქონდა ჩავარდნა და პერიოდი 8 ქულით წავაგეთ, ბოლო 3-4 წუთში
მოთამაშეები აბსოლუტურად მოეშვნენ, რაზეც მათთან უკვე მქონდა საუბარი. შეიძლება გამართლებაც
იყო, თუმცა ალბათ მაინც ვიმსახურებდით მოგებას, წინ ვიყავით და მოვახერხეთ გამარჯვება.
ფარი 11 ბურთით წავაგეთ და თუ არ გამოვასწორეთ, ხვალინდელი თამაში გაგვიჭირდება.  ვეცდებით მეორე თამაშში შევამციროთ დღევანდელი შეცდომები.

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’
მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას.
ბოლო წუთს გამოცდილება დაგვაკლდა და ამის გამო წავაგეთ, ბევრად უკეთესად უნდა გამოგვეყენებინა
შეტევა და ეს ვერ მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომაც დავუშვით, 15 დაკარგვა
გვქონდა, ,,დინამოს’’ – 7, პირველ შეტევაშიც დიდი სხვაობით წავაგეთ და ამიტომ დავისაჯეთ.
ვეცდებით, ხვალისთვის დავალებები უკეთ შევასრულოთ.