მეორე წრის ლოგიკური დასაწყისი

მეორე წრის ლოგიკური დასაწყისი

35–დღიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი
განახლდა. სუპერლიგის მეორე წრის მატჩებს დღეს ბათუმმა და რუსთავმა უმასპინძლეს.
ორივე შეხვედრა მოსალოდნელი შედეგით დასრულდა, ფავორიტებად მიჩნეულმა გუნდებმა
იმარჯვეს

შედარებით დაძაბული რუსთავში გამართული მატჩი გამოვიდა. შეხვედრა
სტუმართა, ქუთაისელ კალათბურთელთა დიდი უპირატესობით კი დაიწყო, მაგრამ
რუსთაველების მონდომების ხარჯზე ბოლო წუთებზე ორთაბრძოლა დაიძაბა. უნდა ითქვას,
რომ პირველი წრის ამ გუნდების შეხვედრა ქუთაისში „ენერჯი–ინვესტმა“ მოიგო, მაგრამ
პირველი წრის დასრულების შემდეგ მოქმედი ჩემპიონი წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს.
რუსთაველებს ჯოლივეტ ტუჯანი, ბექა წივწივაძე, აკაკი დვალიშვილი, დუდა სანაძე,
გიორგი ცეკვავა გამოაკლდნენ. ეს უკანასკნელი სწორედ „ქუთაისში“ გადავიდა და დღეს
თავის ყოფილ გუნდს 14 ქულა ჩაუგდო.

გამოდინარე იქიდან, რომ რუსთაველებს მთავარი ბირთვი გამოაკლდათ, ამ
შეხვედრის ფავორიტად „ქუთაისი“ ითვლებოდა. სტუმრებმაც მძლავრად დაიწყეს და უკვე
პირველი მეოთხედის შემდეგ 14 ქულით იგებდნენ. იმერული გუნდის წევრები უფრო იოლად
პოულობდნენ მეტოქის კალათის გასაღებს და საიმედო ლიდერობაც დაიბევეს. პირველი
ტაიმი ქუთაისელთა უპირატესობამ 22 ქულას მიაღწია, მესამე მეოთხედის მე–4 წუთზე კი
სტუმრები უკვე 47:24 იგებდნენ. თითქოს ყველაფერიც გარკვეული იყო, თუმცა
რუსთაველებმა სისწრაფესა და სიზუსტეს მოუმატეს. მასპინძლელთა ჩამორჩენამ შემცირება
იწყო, რაც კამერუნელი ლეგიონერის, სამუელ ლამუსა და რუსთაველთა უკანახაზელების –
ქაქუცა აბაიშვილის, ლუკა ხმელიძის და სხვათა დამსახურება იყო. მასპინძლებს
გამოადგათ 17 წლის ბექა ზედელაშვილი, რომელიც 18–წლამდელთა გუნდიდან დაიმატეს.

თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ქუთაისელთა ლიდერობიდან 6 ქულაღა
დარჩა (63:57) და მათ მცირედიც უნდოდათ, რომ ჩამორჩენა სრულიად გაებათილებინათ,
მაგრამ… შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ცეკვავამ თავის ყოფილ გუნდს
სამქულიანი ჩაუგდო, ქუთაისელთა უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა და ყველაფერიც აქ
გაირკვა.

გამარჯვებულთაგან ორმაგი დუბლით ბუბა კვიმსაძე და ბიქტორ კოღუაშვილი გამოირჩნენ,
პირველმა 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო კოღუაშვილმა 16 ქულას 11 მოხსნაც
მოაყოლა.

ბათუმში გამართული მატჩი მასპინძლებმა 34 ქულით მოიგეს. მიხეილ
კობეშავიძის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა ბათუმში 8 მოთამაშით ჩასულ დინამოელებს
შანსი არ დაუტოვეს. აჭარული გუნდის ახალგაზრდა ახალწვეულმა დუდა სანაძემ 28 ქულით
ბომბარდირობა ითავა, გამოცდილმა ლაშა კეშელავამ კი ტრადიციულად მძლავრად ითამაშა
და ორმაგი დუბლი გაიფორმა – 21 ქულა, 11 მოხსნა.

ტურის დარჩენილი მატჩები ხვალ, 5 თებერვალს, სპორტის სასახლეში
გაიმართება. ცენტრალურ შეხვედრაში ერთამნეთს შსს და თსსუ შეხვდებიან.
სტატისტიკა: ენერჯი – ქუთაისი  ბათუმი – დინამო