მეგას პირველი გამარჯვება სუპერლიგაში და კაკტუსის პირველი მარცხი. 3 მოგების მქონე ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი კაკტუსი სამივე წაგებით მყოფ მეგასთან დამარცხდა. სუსტად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დიდებული მეორე ნახევარი ჩაატარა და მიმდინარე სუპერლიგაში ნავსი გატეხა.
მატჩისწინა უპირატესობა კაკტუსის მხარეს იყო. ხოშტარიას გუნდმა სეზონი შედეგიანად დაიწყო და სუპერლიგის საწყის ტურებში ზედიზედ დაამარცხა ვერა, ბათუმი და თსუ. მორიგი მეტოქე მეგა გახლდათ, რომელმაც სუპერლიგა კავკასიასთან, ტიტებთან და რუსთავთან წაგებებით დაიყო. შესაბამისად, ფავორიტადაც კაკტუსი ითვლებოდა და ეს აზრი პირველი ნახევრის შემდეგ გამყარდა, რომელიც ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა 37:24 მოიგო.
როგორც ჩანს, დიდ შესვენებაზე მეგას გასახდელში დიდი ამბები მოხდა. მწვრთნელმა კალათბურთელებს ზუსტი დავალებები მისცა, რაც თამაშის შემოსატრიალებლად ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. მესამე პერიოდიდან რომ მოიპოვეს, მეგას მოთამაშეებმა თამაშის სადავეები მატჩის ბოლომდე აღარ დათმეს. მესამე პერიოდი მეგამ 20:10 მოიგო, ჩამორჩენა 7 ქულამდე შეკვეცა და მეტოქეზე გადამწყვეტი იერიში ბოლო პერიოდში მიიტანა.
ანგარიში ბოლო პერიოდის შუაწელში გათანაბრდა – 52:52, რის შემდეგაც კაკტუსმა საბოლოოდ დაკარგა ლიდერობა. ოთარ ბულიავა და რონი როზიე ქულას ქულაზე აგდებდნენ, ხოლო დაცვაში მეგა გუნდური ძალებით იცავდა თავს და მატჩის ბოლო 5 წუთი გუნდმა 18:6 მოიგო, ხოლო შეხვედრა მეგამ თავის 12-ქულიანი უპირატესობით – 70:58 (სტატისტიკა) დაასრულა. გამარჯვებულებს 22 ქულითა და 7 მოხსნით ოთარ ბულიავამ ულიდერა. 21 ქულა დააგროვა როზიემ, ხოლო დეონ ჯოინერმა შეხვედრა 11 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. კაკტუსში 15 ქულითა და მიმდინარე სეზონში სარეკორდო 22 მოხსნით საუკეთესო იყო ჯეისონ კოპმანი (აქამდე უმეტესი 15 მოხსნა იყო, რომელიც კავკასიელ აიზია ელისს ეკუთვნოდა). რაიან ალენის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.