სტატისტიკაგალერეასუპერლიგის მე-4 ტური „ოლიმპისა“ და „მგზავრების“ მატჩით
დასრულდა. ორივე გუნდისთვის გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ოლიმპელებსაც
და „მგზავრებსაც“ 2 წაგების წილ თითო გამარჯვება ჰქონდათ და შესაბამისად, დამარცხებული
ცხრილის ქვედა ნახევარი, აუტსაიდერთა შორის აღმოჩნდებოდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მიუხედავად იმისა,
რომ ოლიმპელებმა შეხვედრის პირველი ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარეს და მეტოქეს უმეტეს
სათამაშო კომპონენტში აჯობეს, შეხვედრის ბოლომდე გამარჯვებულის ვინაობა გაურკვეველი
იყო.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „ოლიმპმა“ პირველი პერიოდი
20:13 მოიგო, ხოლო შეხვედრის მე-15 წუთისთვის უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა –
32:16. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა „მგზავრებმა“ დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 8 ქულამდე
შეამცირეს, ხოლო მესამე პერიოდში თამაშის სადავეებს დაეპატრონნენ.
კახა ჯინჭარაძისა და ამერიკელი ლეგიონერების – რაშად
რენსომისა და რეჯინალდ მერფის შედეგიანობით მგზავრებმა მესამე ათწუთეული 19:13 მოიგეს.
აღნიშნული პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე „ოლიმპი“ 51:44 იგებდა, თუმცა მომდევნო
5-წუთიანი მონაკვეთო მგზავრებმა 15“3 მოიგეს და ბოლო მეოთხედის მე-3 წუთისთვის
59:54 დაწინაურდნენ.
„ოლიმპი“ წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. გია
კაზანჯიანის გუნდს წინა თამაშების სენი დაემუქრა, როცა გადამწყვეტ პერიოდში შეტევაში
ვერ ივარგა და თანაბრად მიმდინარე მატჩები წააგო. თუმცა ამჯერად ოლიმპელებმა საკუთარ
თავში ძალები იპოვეს და ჯერემი ბაინუმის წინამძღოლობით გაქცევა მოაწყვეს, რის წყალობითაც
9-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 75:66. დარჩენილ 2,5 წუთში „მგზავრებმა“ ცდა არ დააკლეს,
თუმცა ვერაფერი შეცვალეს და „ოლიმპმა“ სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვა.
ოლიმპელთაგან 22 ქულით საუკეთესო ჯერემი ბაინუმი იყო,
ოსტინ სტიდს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა (14 ქულა, 9 მოხსნა), რევაზ დიდიამ გამარჯვებულებს
13 ქულა მიაშველა. „მგზავრებში“ 25 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე, 12 ქულა გიორგი
ცირეკიძის ანგარიშზე, რაშად რენსომმა კი შეხვედრა 11 ქულით და 5 პასით დაასრულა.
სუპერლიგის მე-5 ტური 13 და 14 ნოემბერს – ქუთაისსა
და თბილისში გაიმართება.
თამაშების განრიგი: http://superleague.ge/ge/calendar/
მატჩისშემდგომი კომენტარები
გია კაზანჯიანი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი:
– მიუხედავად იმისა, რომ გავიმარჯვეთ, ჩვენი გუნდის
თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. ყველაზე მნიშვნელოვან – ბოლო მეოთხედში ჩავარდნა
გვქონდა და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მივეცით. საბედნიეროდ, ბიჭები დროულად გამოერკვნენ
და გამარჯვება ხელიდან არ გაგვექცა. გუნდი ჯერაც შეთამაშების პროცესშია, გვაქვს ბევრი
ხარვეზები, რომლის აღმოფხვრაზეც აქტიურად უნდა ვიმუშავოთ.
ბუბა ბერიშვილი “მგზავრების” მთავარი მწვრთნელი:
– უამრავი შეცდომა დავუშვით, არაერთხელ გვქონდა თამაშის მოგების შანსი, თუმცა სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს და მსგავსი თამაში საკმაოდ ძვირად დაგვიჯდება, მითუმეტეს, ასეთ დაძაბულ ჩემპიონატში.