საკალათბურთო სუპერლიგის მე-2 ტური „კაკტუსისა“ და „ოლიმპის“ მატჩით დასრულდა. ამ გუნდებმა პირველ ტურში გამარჯვებები მოიპოვეს: „ოლიმპმა“ „ქუთაისს“ სძლია, ხოლო „კაკტუსმა“ დამატებით დროში „სოხუმს“ აჯობა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. უკრაინელი ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა პირველი პერიოდი 17:14 მოიგეს, ხოლო მეორეში 23:15 იძალეს და დიდი შესვენებისთვის 40:28 დაწინაურდნენ. „კაკტუსი“ ძალიან მებრძოლი გუნდია. ამაზე მეტით აგებდა წინა ტურში „სოხუმთანაც“ და ის შეხვედრა დამატებით დროში მოიგო. „ოლიმპთან“ კი ოვერტაიმი არ დასჭირვებია. მესამე მეოთხედში კაკტუსელებმა 33:23 იძალეს და თამაში თანაბარ რიტმს დაუბრუნეს. გადამწყვეტ პერიოდში ამერიკელი დეანდრე პარკსის წინამძღოლობით არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა ლიდერობა მოიპოვეს და გამარჯვებამდე ისე მივიდნენ, თამაში არც დაძაბულა. საბოლოოდ 85:76 და „კაკტუსის“ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში.
გამარჯვებულებს 27 ქულით დეანდრე პარკსმა ულიდერა. 17 ქულა კრისტიან ჯონსონის ანგარიშზეა. 12-12 ქულა ანატოლი ბოისამ და ფრენკ როჯერსმა მიითვალეს. „ოლიმპში“ 17 ქულით მარკ ოგდენი გამოირჩა. 15 ქულა მიითვალა მორის ჰილმა, გივი ბაქრაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-3 ტური სტარტს ხვალ, რუსთავში აიღებს. ქვემო ქართლში ერთმანეთს 2 დაუმარცხებელი გუნდი – „რუსთავი“ და „დინამო“ შეხვდებიან. ტურის დარჩენილი 3 მატჩი 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით როგავა, „ოლიმპის“ მწვრთნელი:
„კარგად დავიწყეთ თამაში, მაგრამ მესამე პერიოდში ჩავარდნა გვქონდა. მეტოქემ არაერთი რთული ბურთი ჩააგდო, მაგრამ ამით არ ვამართლებ ჩვენს წაგებას. ვუყურებთ შეხვედრის ვიდეოფირს, გავაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს და ვიმუშავებთ მათ გამოსწორებაზე.“
არჩილ ჟღენტი, „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:
„მადლობას გადავუხდი ჩემი გუნდის წევრებს. წინა მატჩის მსგავსად, ახლაც მთელი თამაში ვაგებდით, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვების მოპოვება შეძლეს. რაც შეეხება „ოლიმპს“, ძალიან კარგი გუნდია და ეს მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს გუნდში ჯერ კიდევ არის პრობლემები სათამაშო დისციპლინის მხრივ და ვეცდებით, უახლოეს მომავალში ბევრი რამ დავალაგოთ“.