სუპერლიგის პლეი ოფში ბოლო წამს, მე-8 ადგილიდან გასულმა მარგვეთმა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ ოლიმპს სერია გაუთანაბრა. მეორე მეოთხედფინალური მატჩი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მარგვეთელებმა სამაგალითო ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე 77:72 (სტატისტიკა) მოიგეს და საერთო ანგარიში 1:1 გახდა.
ოლიმპი უპირობო ფავორიტი იყო და წაგების მიუხედავად, ახლაც ასე რჩება. დავით როგავას გუნდმა მესამე პერიოდი ჩააგდო, რის გამოც დაისაჯა და მთლიანად შეხვედრა წააგო. არადა, საქმე ისე მიდიოდა, ოლიმპელებს სერიის წინა მატჩის მსგავსად, დამაჯერებლად უნდა მოეგოთ. პირველი პერიოდის 17:13 მოგების შემდეგ ოლიმპმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
მესამე პერიოდი მარგვეთელებმა 8:0 გაქცევით დაიწყეს, რაც გუნდური თამაშის დამსახურება იყო. გამოსარჩევია ნიკა ჩეჩელაშვილის შედეგიანობა, რომელმაც საკვანძო ეპიზოდში რამდენჯერმე იყოჩაღა და თავისიანებს თამაშის შემობრუნებაში დიდად დაეხმარა. მესამე პერიოდის მიწურულს ანგარიში გათანაბრდა, რაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდის მწყობრი დაცვისა და გააზრებული შეტევის დამსახურება იყო. დასვნით წუთებში მარგვეთი დაწინაურდა კიდეც და ბოლო პერიოდს ლიდერის ამპლუაში შეხვდა. ოლიმპი, ცხადია, დათმობას არ აპირებდა და გამარჯვების მოპოვებას ბოლომდე ცდილობდა. მარგვეთის მოთამაშეებმა დამაჯერებელი თამაშით მოახერხეს და ფავორიტი გუნდის ყველა შემოტევის გადაგორება და გამარჯვებამდე მივიდნენ.
მარგვეთმა ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ ბულიავას გარეშე ითამაშა, რომელმაც წინა მატჩში მსაჯის შეურაცხყოფის გამო დისკვალიფიცირებული იქნა. მის არყოფნაში მისი ამპლუის ნიკა ჩეჩელაშვილი გამოირჩა, რომელმაც 16 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 16 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი მიითვალა რონი რუსომ, ხოლო მარქუს გილსონის ანგარიშზე 14 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. ოლიმპში 18 ქულითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ლუკა კალატოზიშვილი, 15 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ობრი მაკალპინმა მიითვალა.
ამ გუნდებს შორის სერიის მომდევნო მატჩები 24 და 25 აპრილს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სერია 3 გამარჯვებამდეა.