პირველი წრის შემდეგ სუპერლიგის ლიდერმა კაკტუსმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. მთლიანობაში, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მეორე წრეში სამიდან 2 შეხვედრა დათმო და ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში მორიგი ტური კაკტუსისა და მარგვეთის მატჩით გაიხსნა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მარგვეთმა სუპერლიგის მოწინავე გუნდი 69:62 (სტატისტიკა) დაამარცხა.
კაკტუსმა წინა მატჩი რომ წააგო, 3 ამერიკელი აკლდა. ამჯერად ხოშტარიას გუნდმა მხოლოდ ერთი – მაილს დენიელსი მოისაკლისა, თუმცა ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ მარგვეთთან მატჩში მაინც ფავორიტად მიიჩნეოდა. მარგვეთელებმა შეხვედრა როგორი სტაბილური თამაშითაც დაიწყეს, ისე დაასრულეს.
ჩერქეზიშვილის გუნდმა პირველი პერიოდი 17:11 მოიგო. მეორე პერიოდის საწყის 3 წუთში ბურთი არ ჩავარდნილა და ზოგადად, ერთობ მწირქულიანი თამაში გამოდგა. მეორე ათწუთეულში კაკტუსმა მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა, თუმცა ეს დროებითი აღმოჩნდა. შორი სროლებითა და დაცვაში კარგი გარჯით მარგვეთმა მესამე პერიოდის მიწურულს 13-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა, რაც საკმარისი ჰანდიკაპი აღმოჩნდა, გასამარჯვებლად. ბოლო პერიოდში კაკტუსის მოთამაშეები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერი ვეღარ შეცვალეს.
გამარჯვებულთაგან 21 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო რონი როზიე. 12 ქულა ოთარ ბულიავამ, ხოლო 10-10 ნიკა ჩეჩელაშვილმა და მარქუს გილსონმა დააგროვეს. კაკტუსელთაგან 24ქულითა და 7 მოხსნით რაიან ალენი გამოირჩა. 10 ქულა მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზეა.
დღეს ოლიმპიურ სასახლეში კიდევ ერთი მატჩი გაიმართება: ტიტები კავკასიის წინააღმდეგ.