სუპერლიგის მე-8 ტური დღეს ბათუმში დაიწყო. გია კაზანჯიანის გაზვრთნილმა “ბათუმმა” “ცხუმ-აფხაზეთს” უმასპინძლა და 18 ქულის სხვაობით – 108:90 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ზღვისპირელები სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ, თუმცა ხვალ თამაშობს აქამდელი ლიდერი თსუ და “ოლიმპი”, რომელთა გამარჯვების შემთხვევაშიც ცხრილის სათავეში სტატუს-კვო აღდგება.
დღევანდელი მატჩი ერთგვარად ისტორიული გამოდგა. ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, კოლინ მალკოლმმა ერთ პერიოდში 22 ქულა ჩააგდო, რითაც ბოლო ათწლეულის რეკორდი დაამყარა. ამაზე მეტი სუპერლიგაში მხოლოდ გიორგი მარკოიშვილს მოუგროვებია, რომელმაც 2009 წლის 15 მარტს, თსუ-ში თამაშისას “ბათუმს” 75 ქულა ჩაუგდო. ის მატჩი თსუ-ს სასარგებლოდ, 162:81 (სტატისტიკა) დასრულდა.
დავუბრუნდეთ დღევანდელ მატჩს და აღვნიშნოთ, რომ მალკოლმის 22 ქულით შემართულმა ბათუმელებმა პირველი პერიოდი 34:19 მოუგეს “ცხუმ-აფხაზეთს” და გამარჯვებაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს. ზღვისპირელებს აკლდათ უკანახაზელი ჯუნიუს პროველი, რომელმაც გუნდი დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. მისი არყოფნა ბათუმელებს არ შეტყობიათ და თუ არ ჩავთვლით მცირე ჩავარდნას მეორე მეოთხედში, დღევანდელ შეხვედრაში არ გასჭირვებიათ.
მალკოლმმა საბოლოოდ 37 ქულა ჩააგდო და 1 ქულით გააუმჯობესა მიმდინარე სეზონში ცხუმელთა უკანახაზელის, კვან ვოლერის რეკორდი. ბათუმელთაგან უბადლოდ გაისარჯა სერბი ცენტრი ნიკოლა ვუიოვიჩი, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 23 ქულა, 14 მოხსნა, 9 პასი. ვუიოვიჩმა 12-დან 11 ორქულიანი ჩააგდო. 13 ქულა ჰქონდა ლევან მასხულიას, ხოლო 12 – ლევან ბაბილოძეს. “ცხუმ-აფხაზეთში” 22 ქულით საუკეთესო იყო ობრი მაკალპინი.
“ბათუმს” 5 მოგება და 3 მარცხი აქვს და სადღეისოდ ლიდერია, “ცხუმ-აფხაზეთს” კი 3 მოგების წილ 4 მარცხი გააჩნია და მე-6 ადგილზე იმყოფება. სუპერლიგის მე-8 ტურის მორიგი 2 მატჩი 30 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ბათუმი – ცხუმ-აფხაზეთი
სტატისტიკა: 108:90