ლიცენზირების და გადამზადების პროგრამის ლიცენზიები ბათუმშიც დარიგდა

ლიცენზირების და გადამზადების პროგრამის ლიცენზიები ბათუმშიც დარიგდა

კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის მიერ ორგანიზებული მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი გასული წლის შემოდგომაზე დასრულდა. პროგრამის წარმატებით გავლილმა აღმოსავლეთ საქართველოს და დასავლეთის მწვრთნელების ნაწილმა ლიცენზიები თბილისსა და ქუთაისში მიიღეს. 4 მარტს კი ლიცენზიები ბათუმის, ფოთისა და ხულოს წარმომადგენელ მწვრთნელებს დაურიგდათ.
მწვრთნელებისთვის ლიცენზიების გადასაცემად ბათუმში ვეტერანი კალათბურთელები – ანტონ კაზანჯიანი და გივი ბიჭიაშვილი ჩავიდნენ, რომლებმაც აჭარის კალათბურთის ფედერაციის რეზიდენტი გოდერძი კორძაძე შეუერთდა. ბათუმელ, ხულოელ და ფოთელ მწვრთნელებს ლიცენზიები  სუპერლიგის მე-20 ტურის მატჩის, „ბათუმი“ – „ქუთაისის“ დიდ შესვენებაზე გადაეცათ.
პროგრამის ფარგლებში მწვრთნელებს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სემინარები ჩაუტარდათ. მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროცესს წარუძღვნენ კალათბურთის ცნობილი ქართველი სპეციალისტები: ანტონ კაზანჯიანი, ზურა ტომარაძე, გელა წულაძე, დავით უსტიაშვილი, ნიკო ჩერქეზიშვილი. ლიცენზიის მიღების მსურველებმა მოისმინეს ასევე ცემინარები სპორტულ მედიცინასა და ფიზ-მომზადებაში შესაბამისი ქართველი სპეციალისტებისგან.
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპი აპრილში დაიწყება, რომელიც უფრო მაღალ ასაკებში მუშაობის მსურველ მწვრთნელებს შეეხებათ. პირველი ეტაპის შედეგად მთლიანობაში გაიცა 161 ლიცენზია, რაც მის მფლობელებს მინი კალათბურთსა და 14 წლამდე ასაკის ბავშვებში მუშაობის უფლებას აძლევს. პროგრამის მთლიანად – სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ ლიცენზიის არმქონე მწვრთნელებს შესაძლებლობა არ ექნებათ, გუნდი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებსა და ღონისძიებებში გამოიყვანონ.