კოსტა ილიევი სპორტის მინისტრს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად შეხვდა

თბილისში სამუშაო
ვიზიტით მყოფი ფიბა-ს ეროვნული ფედერაციებისა და სპორტის განვითარების მენეჯერი კოსტა
ილიევი დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად სპორტის
სამინისტოში იმყოფებოდა. ფიბა-ს მაღალჩინოსანთან ერთად მინისტრ ლევან ყიფიანს ფედერაციის
პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და გენერალური მდივანი გიგა ქართველიშვილი შეხვდნენ.

ილიევი თბილისში
სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ფიბა-ს მაღალჩინოსანი იმ სამუშაო ჯგუფში შედიოდა, რომელმაც
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდება შეიმუშავა. ილიევმა ქართულ მხარეს
ის რეკომენდაციები მისცა, რაც ახალ წესდებაში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ფიბა-სა
და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად წესდების შემუშავებაში სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც იყო ჩართული. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე
უცხოელმა სტუმარმა აღნიშნა კიდეც, რომ ეს იყო კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა
მუშაობდეს სამი რგოლი – სახელმწიფო, ფედერაცია და საერთაშორისო ფედერაცია.

მინისტრთან შეხვედრაზე
იმყოფებოდა ესპანური საკალათბურთო კლუბის, „ლაბორალ კუჩას“ სპორტული დირექტორი ხესუს
ვასკესი. საქართველოს კალათბურთის ფედერაციას „ლაბორალ კუჩასთან“ ხელშეკრულება აკავშირებს,
რომელიც მჭიდრო თანამშრომლობას მოიცავს განსაკუთრების ახალგაზრდა თაობის განვითარებასა
და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში.

სამუშაო შეხვედრის
შემდეგ უცხოელმა სტუმრებმა, მინისტრმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღავნელებმა
პრესკონფერენცია გამართეს.

ლევან ყიფიანი(საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი):  კოსტა ილიევი გახლავთ ფიბას ეროვნულ ფედერაციებთან
უერთიერთობის და კალათბურთის განვითარების ხელმძღვანელი. მისი ჩამოსვლა დაკავშირებულია
ორშაბათს გასამართ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან. ახალი
წესდება სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ფიბამ წარადგინა. ეს არის იდეალური
ვარიანტი ჩვენი თანამშრომლობისა, წესდება მორგებული იქნება საქართველოს რეალობას და
ორიენტირებული იქნება განვითარებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა და საკლუბო კალათბურთის
განვითარება. ამას ემსახურება კალათბურთის განვითარების პროგრამა, რომელიც ახალი წლიდან
ამუშავდება და მისცემს საშუალებას კლუბებეს განახორციელოს განვითარებაზე ორიენტირებული
ცვლილებები, სამინისტრო მაქსიმალურად დაუჭერს მხარს მათ. კარგი იქნება, თუ აღნიშნული
პროგრამა სპორტის სხვა სახეობებშიც დაინერგება.

კოსტა ილიევი(ფიბას ეროვნული ფედერაციებისა და სპორტის განვითარების მენეჯერი): ჩვენი მთავარი მიზანი იყო დავხმარებოდით ფედერაციას შეემუშავებინა წესდება,
რომელიც მაქსიმალურად აკმაყოფილებს დემოკრატიულ მოთხოვნებს. განვიხილეთ წესდების ყველა
დეტალი, მათ შორის ყრილობაზე წარმომადგენლობის და დელეგატობის საკითხი და გავუწიეთ
ეროვნულ ფედერაციას რეკომენდაციები. რა თქმა უნდა,  თავად ეროვნულმა ფედერაციამ თავის იურისტებთან ერთად
განიხილა ეს რჩევები, მათ ყველაზე კარგად იციან ქვეყნის კანონმდებლობა და სპეციფიკა.
საბოლოოდ, მივიღეთ ძალიან კარგი დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო
მოთხოვნას. ჩვენი თანამშრომლობა კი იყო სანიმუშო და სამაგალითო 3 მხარის – სამინისტროს, ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების – ეფექტური და
შედეგიანი მუშაობისა.

მიხეილ გაბრიჩიძე(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):
ბატონ კოსტას ხშირად ვხვდებოდით და აქტიურად ვმუშაობდით ერთად. გუშინ ჩამოვიდა საქართველოში
და საბოლოოდ შევაჯერეთ შეხედულებები. ეს თანამშრომლობა მივიდა იქამდე, რომ შევიმუშავეთ
მაქსიმალურად კარგი და დემოკრატიული წესდება, რომელიც აკმაყოფილებს ფიბას რეკომენდაციებს.
რაც მთავარია, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაონ ერთად სახელმწიფომ, ამ
შემთხვევაში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ეროვნულმა ფედერაციამ და საერთაშორისო
საკალათბურთო სამყაროს უმაღლესმა ორგანომ, ფიბამ იმისთვის, რომ მოგვარდეს სამართლებრივი
და სპორტული საკითხები. დარწმუნებული ვარ, ეს წესდება იმუშავებს და არანაირი სპეკულაციების
თემა აღარ გახდება.  ჩვენი პრიორიტეტი იქნება
ბავშვთა კალათბურთი, რამდენიმე წელიწადში კი ქალთა კალათბურთიც განვითარდება და ვგეგმავთ,
ახალგაზრდები ევროპის ჩემპიონატის ჯერ C, ხოლო შემდეგ B დივიზიონში ჩაერთონ.

ხესუს ვასკესი(,,ლაბორალ კუჩას’’ სპორტული დირექტორი):
ჩვენ საკმაოდ ახლო და ინტენსიური თანამშრომლობა გვაკავშირებს საქართველოს კალათბურთის
ეროვნულ ფედერაციასთან, მიხარია, რომ დღეს მეც აქ ვარ. ვცდილობთ ქართულ მხარეს ჩვენი
გამოცდილება გავუზიაროთ, ჩვენი წარმატების მთავარი საფუძველი იყო ბავშვთა კალათბურთის
განვითარება და სასიხარულოა, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვისაც
ეს მომენტი პრიორიტეტულია. გვინდა, ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა ჩამოვიდეს ჩვენთან,
ისეთი ვარსკვლავები აღმოვაჩინოთ, როგორიც თორნიკე შენგელიაა. დარწმუნებული ვარ, ქართულ
კალათბურთს დიდი მომავალი აქვს და სპორტის ამ სახეობის დონე სულ უფრო და უფრო აიწევს.