კომპანია „ოქეი“
საკალათბურთო სუპერლიგის ტექნიკური სპონსორი გახდა. მხარეებმა თანამშრომლობა მემორანდუმის
გაფორმებით დღეს დაადასტურეს. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროში გაიმართა, რის საფუძველზეც კომპანია „ოქეი“ სუპერლიგის ტექნიკურ
მხარეს უახლოესი 1 წლის მანძილზე უზრუნველყოფს.
მემორანდუმზე
ხელი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ და კომპანია „ოქეის“ მმართველმა
პარტნიორმა ბაადურ კოპლატაძემ მოაწერეს, რის შემდეგაც „ოქეის“ წარმომადგენელმა ფედერაციის
პრეზიდენტისგან სამახსოვრო საჩუქრები – საკალათბურთო ბურთი და სუპერლიგისა და „ოქეის“ ლოგოებით დამშვენებული სათამაშო მაისური მიიღო.
მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს კალათბურთის
ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:
„მისასალმებელია,
რომ კომპანია „ოქეიმ“ თანამშრომლობისთვის კალათბურთის ფედერაცია აირჩია. სუპერლიგისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამართული იყოს ტექნიკური მხარე, რაც ჩვენი საიტების და
სხვა ციფრული სისტემების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ამ სფეროში კომპანია „ოქეი“
გვერდში დაგვიდგა, ფედერაცია კი სანაცვლოდ მას სარეკლამო მომსახურებას გაუწევს. იმედი
მაქვს, ჩვენი პარტნიორობა 1 წლით არ შემოიფარგლება და ის კიდევ გახანგრძლივდება“.
ბაადურ
კოპლატაძე, კომპანია ,,ოქეის’’ მმართველი პარტნიორი:
,,მოხარულები
ვართ, რომ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან დავიწყეთ თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია
ეროვნული ჩემპიონატის წახალისება და კალათბურთის საკლუბო დონეზე განვითარება. ჩვენი
თანამშრომლობა რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა და განისაზღვრა ის ტექნიკური
მხარდაჭერა, რაც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას სჭირდება სუპერლიგის თამაშების ორგანიზებისა
და ჩატარებისთვის. წინასწარშეთანხმებული აღჭურვილობის მიხედვით ჩვენ მოვამარაგებთ ფედერაციას
მთელი წლის განმავლობაში იმ ტექნიკით, რაც მათ დაეხმარებათ კიდევ უფრო ოპერატიულად
და გამართულად იმუშაონ და გადაჭრან მათ წინაშე მდგარი ყველა ტექნიკური ამოცანა.’’